მამაკაცთა შორის კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ მამის, სრდანის გამონათქვამზე გააკეთა კომენტარი. გეხსომებათ, ჯოკოვიჩ-უფროსმა როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი არცთუ ეთიკურად მოიხსენია და შვილის ძირითად კონკურენტთაგან მხოლოდ ენდი მარეი შეაქო.
“მეტად რთულ სიტუაციაში ვარ. სამწუხაროა, მამის სიტყვებმა ასეთი არასასურველი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია. მისმა გამონათქვამებმა გაანაწყენეს ჩემი კოლეგები, რომლებთანაც ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. საკუთარი აზრი ყველას უნდა ჰქონდეს, მათ შორის, მამაჩემსაც. მშობელი ძალიან მიყვარს და დიდ პატივსაც ვცემ. რომ არა მისი გულმოდგინე დახმარება, ჩოგბურთში ვერაფერს მივაღწევდი. მის გამონათქვამებს რაც შეეხება, მათ ჩემთან კავშირი არ აქვთ. მხოლოდ საკუთარ სიტყვებზე ვაგებ პასუხს”, - “ნოლემ” მიანიშნა, რომ მამის თვალსაზრისს არ იზიარებს.