ჩოგბურთი

12:20 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლე” დამაჯერებლად იწყებს, “დელპო” მოულოდნელად ასრულებს

 

სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მაიამის “მასტერზ1000” სამჯერ (2007, 2011, 2012) წლებში აქვს მოგებული, წლეულს კი მესამე წრეში ჩეხი ლუკაშ როსოლის იოლად ძლევის (6:1, 6:0) შემდეგ გავიდა. “ნოლე” კარიერის განმავლობაში პირველად შეხვდა შარშანდელ უიმბლდონზე რაფა ნადალის დამმარცხებელ როსოლს და 53 წუთის განმავლობაში 5 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა.

“ბრწყინვალე სტარტი გამომივიდა. ინდიან უელსის შემდეგ დასვენებას ვცდილობდი. კალიფორნიისგან განსხვავებით, ფლორიდაში სხვა ამინდია, სათამაშო პირობები კი საუცხოო. ძალიან მომწონს აქაური კორტები და ბურთის ყოველი გათამაშება სიამოვნებას მგვრის”, - განაცხადა ნამატჩევს “ნოლემ”, რომლის მომდევნო ოპონენტი ინდოელი სომდევ დევარმანია.

მაიამიში თავისი პირველივე შეხვედრა დათმო არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ (5). 24 წლის პატაგონიელი მეორე წრეში 2 წლით უფროს გერმანელ ტობიას კამკესთან (რეიტინგსიის 89-ე ნომერი) 6:7, 1:6 დამარცხდა.

“2 სეტბოლი “ამოვქაჩე”, როდესაც პირველ სეტში 2:5-ს ვაგებდი. ამან დამაჯერებლობა შემძინა და როდესაც მეორე პარტიაში ბრეიკი შევასრულე, ამაღლებულ ხასიათზე დავდექი. დელ პოტრო დაბნეული ჩანდა და ფორჰენდის დარტყმისას შეცდომებს უშვებდა. არგენტინელმა თავისი საუკეთესო თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა, მე კი მომდევნო წრეში გასვლამ ძალიან გამახარა”, - კამკეს ეს სიტყვები АТР-ის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს. ტობიასის სამესამეწრეო მოწინააღმდეგე ავსტრიელი იურგენ მელცერია. ამ უკანასკნელმა ესპანელი მარსელ გრანოლიერსის დამარცხება მოახერხა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120949