ნოემბრის სარაგბო ტესტ-მატჩების აქტიური სეზონი დაიწყო და პირველ შეხვედრებში გამარჯვება იმ გუნდებს დარჩათ, რომლებიც თავიდანვე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მხედველობაში მხოლოდ ოთხი და ექვსი ერის გუნდების დაპირისპირებას თუ მივიღებთ, სამხრეთელებმა სამი თამაში მოიგეს და მხოლოდ არგენტინა დამარცხდა, მთლიანობაში კი, ოთხმა რეიტინგლიდერმა პირველი დღე გამარჯვებით დაასრულა.
ყველაზე დიდ ინტერესს საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების შეხვედრა იწვევდა. როგორც წესი, ფრანგები “ოლ ბლექსს” ევროპული გუნდებიდან მათ ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევენ და საინტერესო იყო, შეაჩერებდნენ თუ არა ისინი სტივ ჰანსენის შეგირდების წარმატებულ სვლას. მაგრამ ასე არ მოხდა, პარიზში ახალმა ზელანდიამ 26:19 იმარჯვა, 2013 წელს სამფეროვნებს ზედიზედ მეოთხე მარცხი აგემა (3 ივნისის ტესტებზე) და წლევანდელ სეზონს გუნდი კვლავაც დაუმარცხებლად რჩება.
“შავებმა” ჰანსენის ხელმძღვანელობით 12 თამაში ჩაატარეს და მოედანი ყველა ჯერზე გამარჯვებულებმა დატოვეს ”სტად ფრანსეზე” იოლი გასეირნება სულაც არ ჰქონიათ. პირველ ტაიმში მორგან პარამ და დენ კარტერმა სამ-სამი ჯარიმა გაცვალეს, მეორე ნახევარში მათვე თითო-თითო დარტყმაც გაცვალეს, მერე სტუმრებმა ტემპს უმატეს და საათის თავზე ორი ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. ფრანგებმა ერთი ლელო-გარდასახვა 68-ე წუთზე გაქვითეს და ბოლო წუთები ზელანდიელთა 22-ში გაატარეს. მათი შერკინება მეტოქის ჯაბნიდა, მაგრამ ეს მეორე ლელოს გასატანად საკმარისი არ აღმოჩნდა “ოლ ბლექსმა” 26:19 იმარჯვა. 16 ნოემბერს “ოლ ბლექსი” ინგლისს ეწვევა, რომელმაც უკვე ორი თამაშის ჩატარება მოასწრო და ჯერ ავსტრალია, მერე კი, არგენტინა დაამარცხა, ხოლო საფრანგეთი ტონგას დაუხვდება.
ინგლისელებმა არგენტინასთან ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს და მატჩის ბედიც ფაქტობრივად შესვენებამდე გადაწყდა. საწყის წუთებში არგენტინელები საკუთარ აჩრდილს გავდნენ, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს, სამი ლელო გაიტანეს და 24:6 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში “პუმებმა” თამაში საგრძნობლად გამოასწორეს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ინგლისი მოდუნდა და ასეთ საქციელს მას მომავალ შაბათს ახალი ზელანდია არაფრით არ აპატიებს. არგენტინელებმა შესვენების შემდეგ ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ქულის აღება ვეღარ შეძლეს, ბოლოს მეოთხე ლელოც გაუშვეს და ინგლისმა 31:12 იმარჯვა.
მომავალ მატჩს არგენტინა უელსთან გამართავს, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან 15:24 დამარცხდა. საწყის წუთებში მასპინძელთა მიერ გატანილ ორ ჯარიმას შორის, აფრიკელებმა ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულეს, მერე კი, მათ ორი ლამაზი გაიტანეს და 17:6 დაწინაურდნენ. სტუმართა სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, უელსმა შესვენებამდე ჯარიმიდან კიდევ ორჯერ იხეირა და ტაიმი 12:17 დათმო, ხოლო 55 წუთზე ჩამორჩენა 2 ქულამდე დავიდა. 10 წუთში აფრიკელებმა თავისი მესამე ლელო გაიტანეს და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო, 9-ქულიანი უპირატესობა მიიღეს, რამაც მათ მშვიდად ყოფნის საშუალება მისცა. თამაშის მიწურულს უელსმა მოინდომა, მაგრამ სტუმართა დაცვამ გაძლო და სამხრეთ აფრიკა ნოემბრის ტესტ-მატჩები 24:15 გამარჯვებით დაიწყო. 17 ნოემბერს ქურციკების მეტოქე შოტლანდია იქნება.
ავსტრალიის ნაკრები ერთი კვირის წინ ინგლისში დამარცხდა და იტალიასთან მატჩიც ძალიან ცუდად დაიწყო. მე-11 წუთისთვის მასპინძლები 10:0 იგებდნენ და მათ იმის იმედიც გაუჩნდათ, რომ “კენგურუებთან” 15-მატჩიან წაგებათა სერიას შეწყვეტდნენ, მაგრამ მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. 31-ე წუთისთვის ავსტრალიელებს უკვე 3 ლელო ჰქონდათ გატანილი და ტაიმი 19:10 მოიგეს. ეს ანგარიში მასპინძლებს წარმატებაზე ფიქრის საფუძველს კიდევ უტოვებდა, მაგრამ თამაშის განახლებიდან 20 წუთში კიდევ ორი ლელო მიიღეს, ცხადი შეიქმნა მათ იმედებს ასრულება არ ეწერა. იტალიამ ერთი ლელო რომ გაქვითა, შედარებით მისაღები ანგარიშით მარცხის იმედი გაჩნდა, მაგრამ ავსტრალიამ დასკვნით 15 წუთში ჯარიმას კიდევ ორი ლელო შემატა და ბოლო წუთზე გაშვებულმა ლელომ 30-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 50:20. მომავალ შაბათს იტალია ფიჯის მასპინძლობს, ხოლო ავსტრალია ირლანდიაში ჩადის.
შოტლანდიას იაპონია ეწვია და აზიელები მასპინძლებს 50 წუთი ტოლსწორად ებრძოლნენ. ევროპელები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ და 31-ე წუთზე ლელო გაიტანეს. იაპონიამ ტაიმის მიწურულს ჩამორჩება ჯარიმით შეამცირა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ლელო-გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. შოტლანდიამ თავისი მეორე ლელო მალევე გაიტანა, თუმცა 51-ე წუთზე აზიელებმაც ლელოთი უპასუხეს და სხვაობა კვლავ მინიმუმდე დაიყვანეს - 18:17. 54-ე წუთზე მასპინძელთა ლელომ მათი უპირატესობა 6-ქულიანი გახადა, მაგრამ მერე იაპონია მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და ვეღარ გაძლო. მეტობა შოტლანდიამ ორ ლელოდ და 12 ქულად აქცია, ბოლოს მეტოქის ჩათვლის მოედანში ერთხელაც შეაღწია და 42:17 იმარჯვა.
თამაშები გამართეს ერის თასზე საქართველოს მეტოქე გუნდებმაც. რუმინეთმა ტონგას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 19:18 დაამარცხა. ამით ისინი 1,5 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, მაგრამ მაინც საქართველოს ქვევით დარჩებიან. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ოთარ ტურაშვილი. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, მეორე ნახევრის საწყის 12 წუთში კი, რუმინელებმა 10 უპასუხო ქულა აიღეს (ლელო, გარდასახვა და ჯარიმა). კუნძულელები გააქტიურდნენ და 57-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 75-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს და 18:16 დაწინაურდნენ, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს დარტყმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რადგან ბოლოსწინა წუთზე რუმინეთმა ჯარიმა გამოიყენა და 1 ქულის სხვაობით იმარჯვა. 16 ნოემბერს რუმინელები კანადას უმასპინძლებენ.
ფიჯი პორტუგალიისთვის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. წყნარი ოკეანის წარმომადგენელბმა მასპინძლებს ერთის წილ ექვსი ლელო გაუტანეს და 36:13 დაამარცხეს. სამაგიეროდ, გამარჯვება მოიპოვა ესპანეთმა, რომელიც ჩილეს ეწვია და 26:3 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა ქულათა უმეტესობა დასკვნით 60 წუთში აიღეს. ესპანელები 27-ე წუთზე გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ, რაზეც მასპინძლებმა მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმით უპასუხეს და 70-ე წუთი რომ მოვიდა, ანგარიში 5:3 იყო. აი მერე ესპანელებმა სამი ლელო გაიტანეს, გარდასახვებიც გამოიყენეს და სოლიდური სხვაობით იმარჯვეს. ესპანელებს სამხრეთამერიკულ ტურნეზე ურუგვაისთანაც ელით თამაში.