ქვეყნის ექსჩემპიონ “ოლიმპის” ახალგაზრდა უკანახაზელმა ნოდარ გოგოძემ (12.07.94, 190სმ) მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო და მინიმუმ ერთი თვე ვერ ივარჯიშებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრავმა გოგოძემ საქართველოს თასის მე-12 გათამაშების მეოთხედფინალში, “დინამოსთან” განმეორებით შეხვედრაში, ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს მიიღო.
აღნიშნული ტრავმის გამო გოგოძემ 2013-14 წლების ქართული “ოლ სტარის” სამქულიანების კონკურსი გამოტოვა, რომელშიც გიორგი ბარბაქაძესთან (“ქუთაისი-2010”), მიხეილ ჭოჭუასთან (“დინამო”), მილოშ პესიჩთან ("დინამო"), ლაშა გამყრელიძესთან ("დინამო"), ირაკლი ჩლაიძესა (“სოხუმი”) და გრიგოლ შვანგირაძესთან (“სოხუმი”) ერთად იყო დასახელებული. აღნიშნული ტურნირი შვანგირაძემ მოიგო.