ფეხბურთი

21:41 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ აკობია: “ჩვენ დიდ დროს ვანდომებთ იმას, რასაც ჰოლანდიელები უცებ აკეთებენ”

 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე. ეს იყო მაქსიმუმიც და მინიმუმიც - გაგვასწრო ჰოლანდიამ, ხოლო ფარერები და სან მარინო სათვალავშიც არ არიან. ნოდარ აკობიას გუნდისგან უკეთეს თამაშს ველოდით. სხვაობა, რომელიც ჰოლანდიისა და საქართველოს გუნდებს შორის ვნახეთ, ძალიან დიდი იყო.

მატჩის შემდეგ ქართველ 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ძირეულ პრობლემებზეც ისაუბრა.

ნოდარ აკობია: შეიძლება ითქვას, ჰოლანდია ამ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ჩვენ ანალიზს გავაკეთებთ, რაზე უნდა ვიმუშაოთ, რა არის გამოსასწორებელი. შესაძლოა, ელიტ-რაუნდისთვის ახალი ფეხბურთელები ვიხილოთ.

- ამ სამ მატჩში რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოარჩევთ?

- პრობლემა ბევრია. აი, ჰოლანდიელები რა მარტივად თამაშობდნენ: მიღება, პასი, ზედმეტი მოძრაობების გარეშე. ჩვენ ამაზე დროს ვკარგავთ. ერთის ნაცვლად, რამდენიმე შეხებას ვაკეთებთ. ელემენტარულ სიტუაციებში იკარგება ბურთი. ესაა საბაზო ტექნიკა, რომელსაც 7 წლის ასაკში უკვე ასწავლიან.

- რისი ბრალია, რომ ქართველები ამას ვერ აკეთებენ?

- ეს 3-4 დღეში არ ისწავლება. მე უცებ ვერ გამოვასწორებ. კლუბებში უნდა იყოს ორგანიზებული მუშაობა. დააკვირდებოდით, ჰოლანდიელები არ ტყუვდებოდნენ, როცა ჩვენები ერთი-ერთზე მიდიოდნენ კაცზე. მათ იოლად ვერ მოატყუებ, სწორად დგანან, სწორად თამაშობენ. ავიღოთ საჰაერო ორთაბრძოლები, რომელსაც, უბრალოდ, ვთმობთ და თან, აშკარად. ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტიც იყო: რაც უნდა იყოს, ჰოლანდიას ეთამაშებოდნენ ბიჭები. მართალია, ფსიქოლოგიური კუთხით ვიმუშავეთ, მაგრამ მაინც დარჩა ეს მღელვარება.

- ნიკა ლაშხიას ტრავმა რამდენად სერიოზულია? 

- მხარი მოიტეხა და საოპერაციოა. მისმა ტრავმამ ძალიან იმოქმედა გუნდზე. დღეს იყო საჯარიმოები და ვფიქრობ, ლაშხია რომ გვყოლოდა, შეეძლო, უკეთ გამოეყენებინა. ორიდან ერთს მაინც მოარტყამდა კარში.

 

რატი კაკიაშვილი (17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი): - ვფიქრობ, კარგი თამაშები იყო. მიზანი შევასრულეთ და ელიტ-რაუნდზე გავედით. რა თქმა უნდა, უკეთესად თამაშიც შეიძლებოდა.

- აქვს გუნდს იმის პოტენციალი, რომ რეალურად, ელიტ-რაუნდში უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს?

- ვფიქრობ, გვაქვს ამის პოტენციალი. დრო გვექნება და ვეცდებით, რომ ელიტ-რაუნდზე კარგად გამოვიდეთ.

- რამდენი წელია, რაც ფეხბურთელთა ბირთვი ერთად მოდიხართ?

- 4 წელია.   

0.136911