როგორ ფორმაშიც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები, იგი ყოველთვის საჭადრაკო ოლიმპიადების ერთ-ერთი ფავორიტია.
2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადების მიზნით საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა შეკრება ლოპოტაზე გაიარა.
შეკრებაზე ნაკრების ხუთი წევრის ნაცვლად ოთხი მოჭადრაკე (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი) იმყოფებოდა. რაც შეეხება ნაკრების მე-5 წევრს, მისი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეკრებაზე ნაკრებს თან ახლდნენ: გუნდის კაპიტანი ნინო გურიელი, მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა, დავით ჯოჯუა, რომელიც მთავარ მწვრთნელს დაეხმარება და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველ ნომერ ნანა ძაგნიძის პირადი მწვრთნელი ხვიჩა სუბატაშვილი.
აღნიშნული შეკრებისა და საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ, რომელსაც 1-14 აგვისტოს ქალაქი ტრომსო (ნორვეგია) უმასპინძლებს, “მსოფლიო სპორტი” ნინო გურიელს ესაუბრა.
-ლოპოტას შეკრებით კმაყოფილი დარჩით?
-ლოპოტაზე მოჭადრაკეებს ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი, რათა სრულფასოვანი შეკრება გაგვევლო. აღნიშნულიდან გამომდინარე დიდ მადლობას ვუხდი ჭადრაკის აკადემიას, რომელმაც ლოპოტას შეკრების მოწყობაში გამორჩეული წვლილი შეიტანა.
-ნაკრების წევრების მომზადების დონით კმაყოფილი ხართ?
-ამ ეტაპზე ნაკრების წევრთა მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია.
-ნაკრების მეხუთე წევრის ვინაობა როდის გახდება ცნობილი?
-ნაკრების მიღმა დარჩენილი რამდენიმე მოჭადრაკე თანაბარი დონისაა და ძნელია მათგან საუკეთესოს შერჩევა. აღნიშნულიდან გამომდინარე მათგან საუკეთესოს ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევარჩევთ, რომელიც 5-17 ივლისს ჩატარდება. რა თქმა უნდა, არჩევანს იმ მოჭადრაკეებზე შევაჩერებთ რომელიც კონკურენტებზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.
-ოლიმპიადისთვის მზადების მიზნით შეკრების გავლას კიდევ აპირებთ?
-სასურველია ოლიმპიადის დაწყებამდე (პირველი აგვისტო) ერთკვირიანი შეკრება გავიაროთ.
-რომელ ნაკრებს თვლით ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის უშუალო კონკურენტად?
-ყოველთვის კარგი გუნდები ჰყავთ ჩინეთს, რუსეთს და უკრაინას. გამორიცხული არაა სიურპრიზები სხვა გუნდებმაც შემოგვთავაზონ.