კალათბურთი

15:56 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ დერიუგინი: „საქართველოს ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავს და ევრობასკეტზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო“

მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თავისი ლამაზი და ღირსეული თამაშით, განსაკუთრებით პოლონეთთან, ხორვატიასა და სლოვენიასთან, ევროპელ გულშემატკივართა და სპეციალისტთა სიმპათიები დაიმსახურა, ქართველ ქომაგთა უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა შედეგით. ესეც გასაგებია - მიუხედავად საინტერესო და ბრძოლისუნარიანი თამაშისა, ჩვენმა ნაკრებმა ვერ გამოიყენა ჯგუფიდან გასვლის შანსი. თუმცა, არსებობს საპირისპირო აზრი, რომ ნაკრებს მეტის გაკეთება არ შეეძლო - ამ აზრის მომხრეები თვლიან, რომ ამ უძლიერეს ჯგუფში და მით უფრო, მიკერძოებული მსაჯობის პირობებში,  საქართველოს ნაკრებს არ შეეძლო მეტის გაკეთება.

სხვაგვარად ფიქრობს ლეგენდარული კალათბურთელი, თბილისის „დინამოს“, სსრკ-სა და საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი. ის 7 სექტემბრიდან იმყოფება სლოვენიაში და თვალყურს ადევნებდა ცელიეში საქართველოს ნაკრების მატჩებს სლოვენიასთან, ჩეხეთთან და ესპანეთთან.

მას ჯერ კიდევ სლოვენიასთან მატჩის შემდეგ გავესაუბრე, ინტერვიუზე კი 9 სექტემბერს ესპანეთთან შეხვედრის ბოლოს დავითანხმე.

 

- ბატონო, ნიკოლოზ! როგორ შეაფასებდით ჩვენი ნაკრების გამოსვლას ევრობასკეტზე?

- მატჩებს პოლონეთთან და ხორვატიასთან თბილისში ვუყურე ტელევიზიით, დანარჩენ სამ მატჩს კი ცელიეში, დარბაზში. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს ჰყავს ძალიან კარგი, საინტერესო და გამოცდილი კალათბურთელები. მიმაჩნია, რომ ასეთი ნიჭიერი  შემადგენლობით ნაკრებს ევრობასკეტზე უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო.  

- კი მაგრამ, არ იყვნენ ტრავმირებული ფაჩულია და შენგელია. ამის გარდა ხორვატიასთან და განსაკუთრებით სლოვენიასთან მსაჯებმა ხომ ძალიან დაგვჩაგრეს? 

- დავიწყოთ მსაჯობით. მსაჯები თითქმის ყოველთვის ეხმარებიან ევრობასკეტის მასპინძელ გუნდს და უფრო ტიტულოვან ნაკრებებს, ვიდრე ჩვენნაირ ნიჭიერ, მაგრამ არატიტულოვან გუნდს. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს ასეთი მსაჯობა და მწვრთნელებმა ისე უნდა მოამზადონ გუნდი და ისე უნდა წარმართონ  მატჩი, რომ მაქსიმალურად და რაციონალურად გამოიყენონ არსებული შემადგენლობა და სიტუაცია. ნაკრების ჯგუფიდან არგასვლა არ უნდა დავაბრალოთ მხოლოდ მსაჯებს. მიუხედავად ასეთი ცუდი მსაჯობისა, ჩვენ ნაკრებს შეეძლო გამარჯვება ხორვატიასთან და სლოვენიასთან.

მართალია, ორი ძლიერი მოთამაშე - ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია - ტრავმების გამო არ იყვნენ ევრობასკეტზე და მათი არყოფნა დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ ნაკრებს ჰყავს საკმაოდ კარგი  შემადგენლობა და ჩემი აზრით, მწვრთნელებმა სრულად ვერ გამოიყენეს მათი პოტენციალი და რაციონალურად ვერ წაიყვანეს მატჩები.

- კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში, რა უნდა შეცვალათ მწვრთნელებს? 

- უწინარესად, ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ ათამაშეს უფრო დიდხანს გამოცდილი ნიკა ცქიტიშვილი? რატომ არ გამოიყენეს საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ნიკა მეტრეველი? რატომ არ გამოჰყავდათ შეცვლაზე დუდა სანაძე? ბოლო შეხვედრამ ესპანეთთან დაგვანახა, რომ ცქიტიშვილი და მეტრეველი კარგ ფორმაში არიან, რომ სანაძე კარგად შევიდა თამაშში და მას, როგორც დებიუტანტს, საერთოდ არ ეტყობოდა ნერვიულობა...

პირველ მატჩებში ნაკრები თამაშობდა ძირითადად 6-7კაცით, რასაკვირველია, ბიჭები იღლებოდნენ, მითუმეტეს მატჩები ტარდება თითქმის ყოველდე. ამ პირობებში გაუგებარია ცქიტიშვილისა და მეტრეველის ნაკლებად გამოყვანა მოედანზე და ისიც, თუ რატომ არ ათამაშებდნენ ასეთ აუღელვებელ და მებრძოლ ბიჭს, როგორიც სანაძეა.

ასევე გაუგებარია, დროულად რატომ არ ასვენებდნენ თამაშის დროს მწვრთნელები იმ მომენტისთვის დაქანცულ წამყვან მოთამაშეებს - ყველამ იცის,რომ 2-3 წუთიანი დასვენებაც დიდ ძალას აძლევს მოთამაშეს. რატომ არ ითხოვდნენ დროულად მწვრთნელები გადამწყვეტ და რთულ მომენტებში ტაიმ-აუტებს. როცა 3-5 წუთში გუნდი ღებულობს მინუს 10 ქულას, მაშინაა საჭირო ტაიმაუტი...

და კიდევ - სლოვენიასთან და ჩეხეთთან საჭირო იყო ცოტა სხვაგვარი ტაქტიკით თამაში, ვიდრე ჩვენ ვნახეთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი - ამ კარგი შემადგენლობით ნაკრებს უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეეძლო.

- ბატონო, ნილოლოზ! კი მაგრამ, ჩვენმა გუნდმა აშკარად აჯობა პოლონეთს, თანაბრად და ღირსეულად ითამაშა ხორვატიასთან და სლოვენიასთან!

- კი, ასეა, მაგრამ სწორი და უფრო რაციონალური ტაქტიქით შეიძლებოდა ამ ორი თქვენს მიერ ხსენებული მატჩიდან მინიმუმ ერთი შეხვედრის მოგება მაინც,  ჩეხეთთან მატჩის სხვაგვარად წაყვანა და შესაბამისად, სხვა შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. ახლა, ნაკრების ბირთვს წარმოადგენენ გამოცდილი და კარგი კალათბურთელები. სამწუხაროდ, ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელებმა ვერ მოახერხეს მათი პოტენციალის უკეთ გამოყენება. კიდევ როდის ეყოლება საქართველოს ნაკრებს ასეთი ნიჭიერი და ძლიერი მოთამაშეები, როგორც ახლა? ამიტომ, საჭიროა მათი უფრო შედეგიანი და ეფექტური გამოყენება...

 

...ამით დავასრულე საუბარი ნიკოლოს დერიუგინთან, დიდი ხანია არ მინახია ის ასეთი მოწყენილი და ამავე დროს გაბრაზებული... შესაძლოა, სპეციალისტების ნაწილმა არ გაიზიაროს მისი მოსაზრებები ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების გამოსვლასა და მწვრთნელების მუშაობაზე. ზოგადად, აუცილებელია საქმიანი დისკუსია ასეთ თემებზე სპეციალისტების, მწვრთნელების, ჟურნალისტების, ვეტერანი და მოქმედი კალათბურთელების მონაწილეობით. საჭიროა ანალიზი იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში ნაკრების უფრო შედეგიანის თამაშისათვის, რადგან მარტო გასვლა ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე და ლამაზი და ღირსეული თამაში მეტოქეებთან ჩვენ ქომაგებსა და საკალათბურთო სამყაროს უკვე აღარ აკმაყოფილებს...

 

თენგიზ პაჭკორია, ცელიე, სლოვენია, სპეციალურად www.worldsport.ge-Tvis

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma



 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116029