"ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში ცხრილის შუაშია, შარშანდელზე უკეთეს სეზონს ატარებს და იყო ერთი-ორი მატჩი, რომელიც სულაც ლიდერის შესაფერისად ითამაშა: მაგალითად, "მეტალურგთან" 5:2 მოგება. ახალგაზრდული გუნდია, პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს და მათ შორისაა მეკარე ნიკა დაუშვილი.
"მსოფლიო სპორტი" დაუშვილს ესაუბრა:
- "ზესტაფონთან" გასულ ტურში გასვლაზე 1:1 ითამაშეთ. ამ მატჩის შეფასებით დავიწყოთ.
- პირველ ტაიმში უფრო კარგად ვითამაშეთ, საწყის 5 წუთში ორი საგოლე მომენტიც შევქმენით. მართალია, მალე გაგვიტანეს, მაგრამ პირველივე ტაიმში გავათანაბრეთ. უნდა ვთქვა, რომ "ზესტაფონის" დარ კარგ გუნდს ამ სეზონში ჯერ არ შევხვედრილვართ. ჩემი აზრი ასეთია. თბილისის "დინამოს" კი ვეთამაშეთ, მაგრამ დინამოელები მაშინ ფორმაში არ იყვნენ.
- "ვიტ ჯორჯიას" წინა სეზონთან შედარებით პროგრესი აქვს? თამაშის ხარისხს ვგულისხმობ.
- წინსვლა არის. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ჩვენთვის ფინანსურზე წინ, სხვა ღირებულებებია: უნდა გავიზარდოთ, კარგად წარმოვაჩინოთ თავი და მერე ვინ იცის, უცხოეთის გუნდებიდანაც გვქონდეს შემოთავაზება. სეზონის წინ ექვსეულში შესვლა არ ყოფილა მიზანი, უმაღლესში ადგილის შენარჩუნება იგეგმებოდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს რეალურად შესაძლებელია. "ვიტ ჯორჯია" სახლივითაა, ერთი ოჯახივით ვართ, რაც უპირველესად, ხელმძღვანელობის დამსახურებაა. მწვრთნელ ზურაბ ბერიძე ისე განგვაწყობს ხოლმე თამაშის წინ, რომ გეგონება, საომრად გავდივართ. ჩვენთან დისციპლინა უმაღლეს დონეზეა. აქ რომ ფინანსური მდგომარეობაც უკეთესი იყოს, ბევრად წინ ვიქნებოდით. მიზანი ერთი გვაქვს: "ვიტ ჯორჯია" დაბრუნდეს ლიდერთა შორის.
- ამაზე უნდა გკითხოთ: როგორც ვიცით, დავალიანებაა ფეხბურთელების მიმართ და კლუბში კრება ჩატარდა. რა გადაწყდა?
- კლუბის პრეზიდენტი შეგვპირდა, რომ ყველაფერი გამოსწორდება. შევთანხმდით, რომ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელობა ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ და გაგებით მოვეკიდოთ პრობლემებს. ერთი თვის ხელფასი და რამდენიმე თამაშის პრემიაა ასაღები.
- პირადად თქვენს თამაშზე: რა კომპონენტები გაქვთ დასახვეწი?
- ზოგჯერ ზედმეტად თავდაჯერებული ვარ. ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ შესაძლოა, ცუდადაც იმოქმედოს. ფეხით თამაში და გამოსვლები – ამ კომპონენტებში ცუდად არ გამოვიყურები. ჯერ 24 წლის ვარ, მეკარისთვის კი ეს ძალიან ახალგაზრდული ასაკია. საერთოდ, კარგია, რომ თამაში მიწევს რეგულარულად. მეკარისთვის ყველაზე მტკივნეულია უთამაშებლობა.
- რაიმე წინადადებები არ გქონიათ სხვა გუნდებიდან?
- ამ ზაფხულს კონკრეტული არაფერი. ჩემი მენეჯერი სოსო გრიშიკაშვილია, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ბუნებრიბვია, საქმიანიც.
- უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდების სათამაშო დონე გასულთან შედარებით დაეცა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- განსაკუთრებით "დილას" ეტყობა დასუსტება. ყველამ იცის, რომ მიზეზი ფინანსებია. საწყენია, რომ ასე ხდება. კარგი რაც ხდება ამ ჩემპიონატში, შედარებით მეტი კარგი მინდორია. მაგალითად, ზესტაფონში იდეალური მინდორი იყო, თამაში გესიამოვნებოდა.
- ასაკობრივ ნაკრებებში არ ყოფილხართ. რატომ?
- 16 წლის ვიყავი, როცა მეკარე გავხდი. "ოლიმპიკის" სკოლაში დავდიოდი და ლევან მელიქიამ კარში დამაყენა. მანამდე ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი. მეკარეობა თითქოს მომწონდა, მაგრამ პირადად მე არ მსურდა კარში ჩადგომა. მელიქიამ მითხრა, მოვსინჯოთო. ერთი თამაში, ორი, სამი და შევეჩვიე...
- სიმაღლით მაშინაც გამოირჩეოდით?
- დიახ, მაღალი ბავშვი ვიყავი.
- სპორტული ოჯახიდან ხართ?
- მამაჩემი ხელბურთელი იყო. "ბურევესტნიკში" თამაშობდა და საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია ახალგაზრდებში. ჩემი ძმა კი ფეხბურთს თამაშობდა, "გაგრასა" და "ლოკომოტივში" იყო, თუმცა მალე დაანება თავი. ასე რომ, სპორტული ოჯახი მაქვს.
- ბუბა დაუშვილი თქვენი ნათესავი ხომ არ არის?
- შორეული ნათესავები ვართ.
- ყველაზე ერთგული ქომაგი ვინ გყავთ? არის ადამიანი, რომელიც მუდამ დადის თქვენი თამაშის სანახავად?
- ხან ოჯახის წევრები მოდიან, ხან მეგობრები. გააჩნია, ვის სცალია და ვის – არა. ისე, "ვიტ ჯორჯიას" თამაშებზე სულ დადის სკოლის მოსწავლე ნიკუშა ბებერაშვილი. სადაც არ უნდა იყოს მატჩი, ქარსა და თოვლში, სულ ჩვენთანაა და მხარს გვიჭერს.
- ალბათ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც ფიქრობთ.
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნაკრებში ვითამაშო. მთავარია, სტაბილურად ვითამაშო.