ფეხბურთი

13:53 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ჭანტურია ბერლინში მუხლს მკურნალობს

“დიდი მადლობა ლევან კობიაშვილსა და ლექსო თოფურიას”


თბილისის “ლოკომოტივისა” და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ნიკა ჭანტურია ბერლინშია და მუხლს მკურნალობს. საბედნიეროდ, ნიკას ოპერაცია არ სჭირდება, თუმცა მაინც სერიოზულად მისახედია მუხლი, რომელიც თამაშის საშუალებას არ აძლევს.

“ორი კვირაა, რაც ვისვენებ და მუხლს ვმკურნალობ. ბერლინიდან როცა ჩამოვალ, ექიმები გადაწყვეტენ, როდის უნდა დავიწყო ვარჯიში”.

ჭანტურიას ბერლინში ჩასვლასა და მკურნალობაში ლევან კობიაშვილი დაეხმარა, რის გამოც ნიკა მადლობას უხდის “ჰერტას” ფეხბურთელს.

“დიდი მადლობა ლევან კობიაშვილს. ყურადღებას არ მაკლებს და ყველანაირად გვერდით მიდგას. ლევანი დამხვდა აეროპორტში და ექიმთან მიმიყვანა. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი “ლოკომოტივის” პრეზიდენტ ლექსო თოფურიას, რომელმაც გერმანიაში გამომგზავნა ექიმთან”.

როგორც იცით, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საქართველოს მეტოქეები კვიპროსი, ისრაელი და მასპინძელი შვეიცარია იქნებიან. ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე. ჭანტურიამ გვითხრა, რომ მაისის ბოლომდე მომჯობინდება და დაამატა: “რომც არ მომირჩეს, უნდა ვითამაშო”.

რაც შეეხება ჯგუფში მეტოქეების შეფასებას:

“საკმაოდ რთული ჯგუფია, ძლიერი გუნდები არიან. მთავარ კონკურენტად შვეიცარიას მივიჩნევთ, მაგრამ არც ისრაელი და კვიპროსი იქნებიან სუსტები. მაგალითად, ისრაელმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიას მოუგო. თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჯგუფიდან გავიდეთ, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ და ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113184