დიდი ალბათობით, ნიგერიასთან კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში, ესპანეთის ნაკრების კარს ვიქტორ ვალდესი დაიცავს. AS-ისთვის ცნობილი გახდა, რომ “ფურია როხას” თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე აფრიკელებთან სწორედ “ბარსელონას” მეკარის დაყენებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, ურუგვაისთან მატჩში (2:1) იკერ კასილიასმა ითამაშა, ტაიტისთან (10:0) კი, პეპე რეინამ. ამგვარად, დელ ბოსკე ჯგუფურ ეტაპზე სამივე მეკარის გამოცდას გეგმავს. საგულისხმოა, რომ ესპანელებმა 1/2-ფინალის საგზური უკვე გაინაღდეს. სავარაუდოდ, პლეი ოფიდან დელ ბოსკეს გუნდის კარს ისევ კასილიასი დაიცავს.
ცნობისათვის, ვალდესს ეროვნული ნაკრების მაისურით 14 მატჩი აქვს ჩატარებული.