ნახიჭევანის საჭადრაკო ტურნირის 5 ტურის თავზე 4.0-4.0 ქულით 5 მონაწილე დაწინაურდა და სასიხარულოა, რომ მათ შორის გაიოზ ნიგალიძეც (2536) გახლავთ.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ზედიზედ 4 გამარჯვება მიითვალა და რუსებს – ალეკსანდრ შიმანოვს (2636) და ბორის სავჩენკოს (2559), ესპანელ ოლეგ კორნეევს (2618) და აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლის (2656) გაუტოლდა.
მე-5 ტურში ნიგალიძემ შავი ფიგურებით რუს პაველ სმირნოვს (2626) სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.
3.5 ქულით მე-8 პოზიციაზეა ლუკა პაიჭაძე (2535), რომელიც თეთრებით ტურნირის პირველ ნომერ ანტონ კორობოვს (2696) დაუზავდა.
3.0-3.0 ქულა მოუგროვდათ კონსტანტინე შანავას (2551) და მერაბ გაგუნაშვილს (2560), რომელთაც, შესაბამისად, მე-12 და მე-16 ადგილები უკავიათ. შანავამ შავებით ხსენებულ საფარლისთან წააგო, ხოლო გაგუნაშვილმა უკრაინის სახელით მოთამაშე ელდარ გასანოვთან (2504) ყაიმი გააფორმა.
ნახიჭევანის ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ლევან ფანცულაია (2573) შავი ფიგურებით ორხან აბდულოვთან (აზერბაიჯანი, 2336) დამარცხდა და 2.5 ქულით 51 მონაწილეს შორის 24-ე საფეხურამდე დაქვეითდა.
მე-6 ტურში ხუთივე ქართველი მოჭადრაკე აზერბაიჯანელებს დაუპირისპირდება: ნიგალიძე-საფარლი, მამედოვი-პაიჭაძე, შანავა-რასულოვი, ისკანდაროვი-გაგუნაშვილი, ფანცულაია-სევდიმალიევი.