საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში, ლანჩხუთის ”გურია” და მარტვილის ”მერანი” ფოთის “ფაზისის” სტადიონზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ლაჩხუთელებს მოედანი მთლად წესრიგში ვერ აქვთ და გუნდების შეთანხმებით, ”გურიამ” თავისი საშინაო მატჩი ფოთში გამართა.
”გურიას” ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით (ჩემპიონატის დაწყებამდე, გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა), ”მერანს,” გამარჯვება თუ არა, ამ შეხვედრაში ქულა მაინც უნდა მოეპოვებინა, თუმცა საპირისპიროდ მოხდა.
გურულებმა საწყის წუთებშივე შეუტიეს მეტოქეს და შეიძლება ითქვას, თამაში მათი კარნახით მიმდინარეობდა.
ლანჩხუთელთა მწვავე შეტევას, მე-12 წუთზე ”მერანმა” კონტრიერიშით უპასუხა, აკაკი შულაია კარგად გაერკვა სიტუაციაში, ერთი მცველი ჩამოიშორა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა მცირედით ააცილა კარს.
36-ე წუთზე, “მერანის” მეკარემ გამოსვლაზე სცადა ბურთის მოგერიება, თუმცა ბურთი ვერ დაიმორჩილა, გურულებმა დამატებაზე ვერ ივარგეს - ბურთი ძელს მოხვდა და ისევ კიპერმა მოიგერია.
42-ე წუთზე კი, გურულებმა მაინც მიაღწიეს მიზანს: ”მერანის” მცველებისა და მეკარის გაუგებარი მოქმედების შედეგად, ვილი ისიანი კიპერთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში ”მერანი” შეეცადა თამაში გადაერჩინა და შეტევაზე გადავიდა, თუმცა მარტვილელებს არაფერი გამოუვიდათ, ”გურიას” მეტი სივრცე დარჩა შეტევისთვის და რომ არა ჯონი შეროზიას შესანიშნავი თამაში, ”მერანი”, ალბათ, მეორე ბურთსაც მიიღებდა საკუთარ კარში.
შეროზიამ პირველი სახიფათო დარტყმა 70-ე წუთზე მოიგერია კარგი ნახტომით, 73-ზე კი ისევ იხსნა გუნდი და სტადიონზე მყოფი გულშემატკივრების ოვაცია დაიმსახურა.
88-ე წუთზე შელაპარაკება მოხდა ”გურიას” ლეგიონერ ჩასემსა და ”მერანის” ფეხბურთელებს შორის, რაზეც ჩასემს ყვითელი ბარათი უჩვენა მსაჯმა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ორივე გუნდის მხრიდან, არნაუ ჩასემი გახლდათ, რომელმაც, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარა მთელი მატჩი.
ცალკე უნდა ითქვას მსაჯობაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ამოუწურავი თემაა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ბევრჯერ გამოიწვია გულშემატკივრების გულისწყრომა და არც თუ უსაფუძვლოდ - ხუჭუა მთელ რიგ ეპიზოდებში ცდებოდა.
საბოლოოდ, მატჩი ”გურიას” გამარჯვებით დასრულდა და ლანჩხუთელებმა პირველი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში მიმდინარე ჩემპიონატში.
მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია: ”დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა, რაც შედეგზეც აისახა. რაც შეეხება მსაჯობას, ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიდეოს ვინც ნახავს მიხვდება, თუ რა შეცდომები დაუშვა მსაჯმა”.
დავით მახარაძე: ”თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ, ხარისხიც გამოვასწორეთ. 2 ფეხბურთელი დავიმატეთ და ამანაც დიდი როლი შეასრულა გამარჯვებაში”.
გურია (ლანჩხუთი) - მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)
17 აგვისტო. 17:00. ფოთი. “ფაზისი.” 800 მაყურებელი.
”გურია”: ბობღიაშვილი, არნაუ ჩასემი, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, კილაძე, კუკულაძე (გაჩეჩილაძე 58), კოშკაძე, შარაშენიძე, ისიანი (შენგელია)
მწვრთნელი: დავით მახარაძე
”მერანი”: შეროზია, გეგეჭკორი, ფარულავა, ხუბუა, ქარქუზაშვილი, ლობჟანიძე, ბაბუნაშვილი, მელქაძე (კერძევაძე 54), ფონიავა, შულაია, კუჭიხიძე (ბანეგა77)
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
გოლი: 1:0 ისიანი (42)
გაფრთხილება: ხუბუა (29), ბაბუნაიშვილი (62), კუჭუხიძე (62), შეროზია (82), ჩასემი (88)
დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (16), 1:1 ჯაბა დვალი (30)
სპარტაკი (ცხინვალი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ლადო ახალაია (63), 0:2 ლაშა თოთაძე (64)
ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0
1 | ვიტ ჯორჯია |
2 | 1 | 1 | 0 | 3:0 |
4 |
2 | დინამო |
2 | 1 | 1 | 0 | 3:2 |
4 |
3 | დილა |
2 | 1 | 1 | 0 | 3:2 |
4 |
4 | ჩიხურა | 1 | 1 | 0 | 0 | 3:1 | 3 |
5 | სიონი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 |
3 |
6 | მერანი |
2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 |
7 | გურია | 2 | 1 | 0 | 1 | 1:3 |
3 |
8 | მეტალურგი |
1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 |
9 | ტორპედო | 1 | 0 | 1 | 0 | 1:1 | 1 |
10 | ზუგდიდი |
2 | 0 | 1 | 1 | 1:3 | 1 |
11 | ზესტაფონი |
1 | 0 | 0 | 1 | 1:2 | 0 |
12 | სპარტაკი |
2 | 0 | 0 | 2 | 1:4 | 0 |
ედემი ელერჯია