ბაქოს “ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა ბეიუქაღა გაჯიევმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უეფას ევროპის ლიგის საპასუხო მატჩში საჩხერის “ჩიხურასთან” პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს.
- “ჩიხურასთან” მატჩისთვის როგორ ემზადებით?
- საქართველოში ექვს აგვისტოს გავფრინდებით. ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს არ გავაწბილებთ.
- რა ტაქტიკით ითამაშებთ?
- ტაქტიკა ბაქოური მატჩისგან განსხვავებული გვექნება. “ჩიხურამ” კარგად შეგვისწავლა. ტაქტიკა ყოველ მატჩში უნდა ცვალო, რომ მეტოქემ არ იცოდეს რას ელოდოს და რა გააკეთოს.
- ბაქოური მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და ქართველი რადიკალი ფანების მუქარის შესახებ საქმის კურსში ხართ?
- მე არაფრის მეშინია. საქართველოში კარგი ფეხბურთის საჩვენებლად მივდივართ.
აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით თბილისში ჩამოსვლას “ნეფთჩის” ქომაგებიც აპირებენ, რომლებიც “მე-11 სექტორად” იწოდებიან. ისინი საქართველოსკენ 6 აგვისტოს ავტობუსით გამოემართებიან.