ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პაველ ნედვედმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანტონიო კონტეს წასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი. წარსულში ცნობილი ჩეხი ნახევარმცველის თქმით, იტალიელი სპეციალისტი ტურინში მუშაობამ დაღალა.
“კონტეს კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემა არ ჰქონია. ანტონიომ ტურინი იმიტომ დატოვა, რომ დაიღალა და მუშაობისგან ენერგია გამოეცალა. კონტეს წასვლა მაისშივე სურდა, მაგრამ ვთხოვე, არდადეგების დროს ეფიქრა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიეღო. ის დაბრუნდა და თქვა, რომ მუშაობისთვის მზად არაა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. კონტეს გადაწყვეტილება ყველას გაგვიკვირდა”, - განუცხადა ნედვედმა იტალიურ მედიას.