ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ის იშვიათი დღე გახლდათ, როდესაც მოედანზე ორივე ქართველი კალათბურთელი ვიხილეთ, თუმცა, ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ ჯამში ათიოდ წუთი ითამაშეს.
ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” “ტორონტო რეპტორზს” უმასპინძლა და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს 9 ქულის სხვაობით ამარცხებდა, საბოლოოდ, 98:102 წააგო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, 4 პერსონალური ფოლი მალე “აკრიფა” და მოედანზე მხოლოდ 08:56 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში ზაზამ ერთადერთი ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და აქტივში ერთადერთი პასი ჰქონდა.
მილუოკელთაგან ყველაზე უკეთ ფაჩულიას შემცვლელი ჯონ ჰენსონი გაისარჯა, რომელმაც 39 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ორმაგი დუბლი შეასრულეს ჯეფ ადრიენმა (19 ქულა, 12 მოხსნა) და რამონ სეშენსმა (13 ქულა, 10 მოხსნა).
“რეპტორსის” მხრიდან დაბლ-დაბლით ლიტველი ცენტრი იონას ვალანჩიუნასი (17 ქულა, 13 მოხსნა) გამოირჩა, გრეივის ვასკესმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო დემარ დეროზანმა 23 ქულა მიითვალა.
“ბაქსმა” 14 მოგების წილ 63 მარცხი მიითვალა და ეს კლუბის, ანტირეკორდია. ასეთი წარუმატებელი სეზონი მილუოკელებს ისტორიის განმავლობაში არ ჰქონიათ და დიდი ალბათობით, მას კიდევ უფრო გააუარესებენ. ფაჩულიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 10 აპრილის დილას შინ ცენტრალური დივიზიონის ლიდერ “
თუკი “მილუოკის” პლეი-ოფში არაფერი ესაქმება, იქ თამაში განაღდებული აქვს თორნიკე შენგელიას “ბულსს”. ჩიკაგოელებმა სეზონში 45-ე მოგება (96:78) დედაქალაქში “ვაშინგტონ უიზარდსთან” იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს ინარჩუნებს.
გასულ შეხვედრაში შენგელია დასკვნით 01:50 წუთს გამოჩნდა და 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ამასთან მას ერთხელ დაუფარეს.
ჩიკაგოელთაგან 25 ქულა დი ჯეი აუგუსტინმა ჩააგდო, საუკეთესო მოთამაშედ კი ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა დასახელდა, რომლის აქტივშიც 21 ქულა და 12 მოხსნა გახლდათ. ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა მარჩინ გორტატმა 19 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო ჯონ ვოლის მონაგარი 20 ქულა იყო.
10 აპრილს “ჩიკაგო” “მინესოტა ტიმბერვულვზს” ესტუმრება.