კალათბურთი

20:47 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში “არმია” და “ქუთაისი-2010” დაწყვილდნენ

  დასრულდა საქართველოს თასის მე-12 გათამაშების მეოთხედფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრა “არმიასა” და “რუსთავს” შორის. “არმიამ” ორი მატჩის ჯამში შეძლო “რუსთავის” დამარცხება და ნახევარფინალში “ქუთაისი-2010”-ს დაუპირისპირდება, რომელმაც ასევე ორი მატჩის ჯამში, ბურთების უკეთესი შეფარდებით თასის აწ უკვე ყოფილი მფლობელი “შსს აკადემია” დაამარცხა.

“არმია” რთული პრობლემის წინაშე იდგა, რადგან პირველი შეხვედრა 17 ქულის სხვაობით 64:81 ჰქონდა წაგებული. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალოვნების შტურმით დაიწყო და მათ მატჩის დასაწყისშივე იგდეს ხელთ უპირატესობა. ქვემოქართლელები არ ნებდებოდნენ და მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ საკუთარ მოედანზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას. “არმიამ” ორი მატჩის ჯამში ანგარიში მესამე მეოთხედში გაათანაბრა. ამის შემდეგ უპირატესობას ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ და საბოლოოდ 29 ქულის სხვაობით 80:51 შეძლეს მეტოქის დამარცხება, სერიაში კი ანგარიში გაათანაბრეს 1:1.

თასის გათამაშების დებულებიდან გამომდინარე, საქმეში ბურთების შეფარდება ჩაერია. უკეთესი შეფარდება “არმიას” აღმოაჩნდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 144:132 აჯობა მეტოქეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც “ქუთაისი-2010”-ს დაუპირისპირდება.

დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი “არმიას” უკანახაზელი ბექა წივწივაძე იყო, რომელმაც ყველაზე მეტი 16 ქულა დააგროვა. სტუმართა შორის საუკეთესო იყო ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი, რომელმაც 13 ქულა მიითვალა.

ამჟამად მიმდინარეობს “დინამო”-“ოლიმპის” შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი შეხვედრა “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს 10 ქულის სხვაობით მოუგო. ამ წყვილის გამარჯვებულს ნახევარფინალში “სოხუმი” ელოდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში “ბათუმი-რსუ” დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.141751