საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი რაფა ნადალი წლევანდელი “როლან გაროსის” ნახევარფინალში შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას სამსეტიან მატჩში ძლევის შედეგად გავიდა – 6:2, 6:3, 6:1. თითქმის ორსაათიან პაექრობაში მალიორკელმა 7 ბრეიკი და 5 ეისი შეასრულა და ვავრინკასთან პირადი შეხვედრების ანგარიში 10:0 გახადა.
მეოთხედფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ნადალს როჯერ ფედერერის სამეოთხედფინალო მარცხის თაობაზე ჰკითხეს: “მართალია, პირად დაპირისპირებებში როჯერს 20:10-ს ვუგებ, მაგრამ მასზე ძლიერ მოთამაშედ თავს არ ვთვლი. გავიხსენოთ, წლევანდელ ინგლისურ პრემიერლიგაში “ჩელსიმ” ორჯერ მოუგო “მანჩესტერ იუნაიტედს” თუმცა, საბოლოოდ პირველობა ოლდ ტრაფორდელებს ერგოთ. ბედნიერი ვარ მიღწეულით, მაგრამ ფედერერის მირწევები ჩემსას სჯობს. როჯერს ყველაზე მეტჯერ მოუგია სადიდსლემო ტურნირები და რეიტინგის სათავეშიც ყველაზე მეტხანს იყო. იგი ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა”.
რაფას სანახევარფინალო მოწინააღმდეგე რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბმა გერმანელ ტომი ჰაასს ასევე სამსეტიანი ორთაბრძოლის შემდეგ მოუგო – 6:3, 7:6, 7:5. 35 წლის ალემანის დამარცხებას ბალკანელმა 2 საათი და 16 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ჯოკოვიჩმა 5 ბრეიკი და 11 ეისი განახორციელა, ჯოკოვიჩისა და ჰაასის ურთიერთშეხვედრათა ბალანსი კი 7:3 გახდა.
შეგახსენებთ, შარშანდელ “როლან გაროსზე” რაფა ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ.