ჩოგბურთი

10:53 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალის წინ: როჯერი კმაყოფილია, ნოვაკი - იმედიანი

 წლის შემაჯამებელი ტურნირი 4 ნოემბერს ლონდონში აიღებს სტარტს, მანამდე კი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელი მამაკაცები პარიზში შეიკრიბნენ და ხვალ საფრანგეთის დედაქალაქის “მასტერზ1000”-ის გამარჯვებულს გამოავლენენ. დღეს საღამოს კი ნახევარფინალური მატჩები შედგება, რომლებშიც ერთმანეთის პირისპირ როჯერ ფედერერი-ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფა ნადალი-დავიდ ფერერი წარსდგებიან.

მეოთხედფინალში ფედერერმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 6:3, 4:6, 6:3 მოუგო და პატაგონიელთან ბოლო 3 შეხვედრის წაგების რევანშიც აიღო. “დელ პოტროს წინააღმდეგ ჩატარებული მატჩით კმაყოფილი ვარ. პირველი სეტი ბრწყინვალედ ჩავატარე, მეორეს დასაწყისში სამწუხაროდ ბრეიკი ვერ შევასრულე, ამასთან ხუან მარტინი ბოლომდე იბრძოდა. ბაზელის ფინალისგან განსხვავებით ამჯერად მესამე პარტია კარგად დავიწყე. კორტზე კარგად ვმოძრაობდი და დროულად ვიღებდი სწორ გადაწყვეტილებებს. ეს მოგება დამაჯერებლობას შემძენს და სამომავლო წარმატებების საფუძველიც გახდება”, - განაცხადა ნამატჩევს ფედერერმა.

როჯერის სანახევარფინალე მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2 სეტით ფედერერის თანამემამულე სტანისლას ვავრინკას მოუგო 6:1, 6:4 და დღევანდელი პაექრობის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: “როჯერი ბოლო 10 წლის განმავლობაში თავის ყველაზე უარეს სეზონს ატარებს, მაგრამ მაინც უაღრესად რთულ ოპონენტად რჩება. ამასთან, თუკი ისევე ვითამაშე, როგორც ვავრინკას წინააღმდეგ, ფედერერთანაც მოგების რეალური შანსი მექნება”.

ბოლოს კი მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფედერერმა პირველად მოახერხა კლასიფიკაციის ტოპხუთეულის მოთამაშის ძლევა, ჯოკოვიჩი კი მეორედ გავიდა (პირველად 2009 წელს) პარიზის “მასტერზ1000”-ის ფინალში. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117026