“მანჩესტერ სიტის’’ ნახევარმცველი ხესუს ნავასი პრემიერლიგაში გადასვლით ბედნიერია და მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით ტიტულების მოპოვებას მოუთმენლად ელის. “მანჩესტერ ივნინგ ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ესპანელმა საუბარი სწორედ მთავარი მწვრთნელის დახასიათებით დაიწყო.
“მანუელ პელეგრინი თავდაბალი და უბრალო პიროვნებაა, რომელიც დაუღალავად მუშაობს და ზრუნავს კლუბის წარმატებისთვის. იგი აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს, მისთვის მხოლოდ შემტევი და შემოქმედებითი ფეხბურთია მისაღებია, რამაც წარმატება ყველგან მოუტანა”, - აღნიშნა მან.
“სიტიში” თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, სწორი ნაბიჯი გადავგდი აქ გადმოსვლით, რადგან ვგრძნობ, რომ კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ.
ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერლიგამ სათამაშო რიტმით, ღია და გახსნილი თამაშებით, სადაც გამარჯვება ნებისმიერ გუნდთან რთულია, ვინაიდან ძალიან დიდი კონკურენციაა. თუმცა ეს ვერ აფრთხობს “სიტის”, ჩვენ ყოველ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მგონი, ჩემს სიტყვებში ახალი არაფერია”, - განაცხადა ნავასმა და “სევილიადან” ინგლისში გადაბარგების მიზეზებზეც ისაუბრა - “სევილიასთან” ერთად ბევრი ძალიან რთული შეხვედრა ჩავატარე, მოვიპოვე ტიტულები. ვფიქრობ, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, მოვიპოვეთ რა ესპანეთის თასი, უეფას თასი და ესპანეთის სუპერთასი. თუმცა ჩავთვალე, რომ კლუბის შეცვლის დრო დადგა, რადგან ახალი გამოცდილების მიღება მსურდა და მზად ვიყავი ახალი გამოწვევებისთვის”, - დაასრულა ესპანელმა.
შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხესუს ნავასი “სევილიადან” მანჩესტერულ კლუბში 18 მილიონ ევროდ გადმობარგდა. ამ ეტაპზე, “სიტიში” მის ანგარიშზე 15 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ხოლო რაც შეეხება ყოფილ კლუბს, მის რიგებში 10 წლის განმავლობაში ჩაატარა 375 შეხვედრა, გაიტანა 31 გოლი და გააკეთა 83 საგოლე პასი.
დიმიტრი შარიქაძე