იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები ზაფხულში სერიოზულად გაძლიერდნენ, 53 წლის ესპანელი სპეციალისტი შემადგენლობით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა და Football Italia-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იანვარში ფეხბურთელთა დამატებას ეცდება.
“რა თქმა უნდა იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გავალთ, მაგრამ ჯერ უნდა შევხედოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. “ნაპოლი” ის გუნდია, რომელიც მუდამ მაქსიმუმისკენ ილტვის. გვსურს, რომ ყველა თამაში მოვიგოთ და თუ ჯილდოს დავეუფლებით ძალიან გაგვიხარდება. ჩვენი მიზანია, რომ არ დავნებდეთ და ბოლო მომენტამდე კონკურენტუნარიანები ვიყოთ” - განაცხადა ბენიტესმა.
მოცემული მომენტისთვის “ნაპოლი” სერია A-ში მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ “იუვენტუსს” რვა ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ის დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა “დორტმუნდს” და “არსენალს” და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, თუმცა, ბრძოლას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.