ნანძინში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ორი დღეღა რჩება. ფორუმის ბოლოსწინა დღეს, 27 აგვისტოს, ნანძინში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე ძალებს ჩვენი მოჭიდავეები მოსინჯავენ და იმედია, წარმატებითაც.
მანამდე კი, თამაშებზე მყოფი საქართველოს დელეგაცია, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი უშუს საერთაშორისო ფედერაციის თავკაცს იუ ზაიქინგს შეხვდნენ, რომელმაც საკმაოდ თბილი ვიტარებაში ჩაიარა.
უშუს ფედერაციის პრეზიდენტმა გაიხსენა 10 წლის წინ მისი ვიზიტი თბილისში, რომელიც დღემდე ტკბილ მოგონებად აქვს. ბატონმა ზაიქინგმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოს უშუს ფედერაციისა და სეოკ-ის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის წინსვლისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.
ნანძინში, თამაშების პარალელურად ასევე ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი უშუში, რომელშიც ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, თუმცა უშედეგოდ. ამის მიუხედავად იუ ზაიქინგმა სეოკ-ის ლიდერებს დაუდასტურა, რომ ქართველი უშუისტები ძალზედ ნიჭიერები არიან, ხოლო საქართველოს მდიდარი სპორტული და ოლიმპიური ტრადიციების შესახებ ბევრი სმენია და წაუკითხავს.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს ხანებში უშუ სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდება.
www.geonoc.org.ge