ფეხბურთი

14:49 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრები სრულ მზადყოფნაშია – დღეს ირლანდია-საქართველოა

დვალიშვილი და სირბილაძე გუნდს დანიაში შეუერთდებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის დუბლინში უკვე ოთხი დღეა ემზადება. ირლანდიის საუკეთესოს სტადიონად დასახელებულ “ავივაზე”, სადაც ჩვენმა ნაკრებმა დღეს უნდა ითამაშოს, თემურ ქეცბაიამ გუნდი 60 წუთი ავარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი იყო ჩართული. როინ კვასხვაძემ ვარჯიში სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით გამოტოვა. ამჟამად, ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება. მცირე ტრავმა აწუხებს “ორჰუსის” ქართველი ლეგიონერს – დავით დევდარიანს. ფეხბურთელმა კი ივარჯიშა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ეროვნული გუნდის წევრი მოედანზე გასვლას.

ერთსაათიანი ვარჯიშის განმავლობაში, ამინდი დუბლინში რამდენჯერმე შეიცვალა და საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე დასრულდა. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშამდე, თემურ ქეცბაიამ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკთხვებს უპასუხა.

ირლანდია-საქართველოს მატჩს, ადგილობრივების ვარაუდით 30 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება. სტადიონის ტევადობა კი, 50 ათასს აღწევს. ქართველ ემიგრანტთა ვარაუდით, რომლებიც ირლანდიაში ცხოვრობენ, შეხვედრას ჩვენი გუნდის რამდენიმე ასეული გულშემატკივარი დაესწრება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ევროს შეადგენს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კომენტარები გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმა.

გურამ კაშია: “თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და ამისათვის ყველა პირობა გვქონდა შექმნილი. გუნდშიც კარგი განწყობაა და შევეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენი მეტოქე ბრიტანული, მებრძოლი გუნდია. ასეთ გუნდთან, სწორედ ორთაბრძოლებში უნდა ვიყოთ ძლიერები, რაშიც არც ჩვენ ვართ სუსტები. ვნახოთ... კარგი მატჩი იქნება“.

ირაკლი ძარია: “უკვე ოთხი დღეა აქ ვართ და ინტენსიურად ვემზადებით. ყველანაირი პირობა გვაქვს იმისათვის, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. მართალია, ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ძლიერი და მებრძოლი გუნდია, მაგრამ ჩვენსას ვეცდებით, რომ საქართველო ვასახელოთ და კარგად წარმოვაჩინოთ“.

ირლანდიის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 5 ივნისს, მომდევნო ამხანაგური მატჩი ოლბორგში ელოდება. დანიასთან შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ კიდევ ორი ფეხბურთელი გამოიძახა – ვლადიმერ დვალიშვილი, რომელიც პოლონური “ლეგიას” შემადგენლობაში სეზონის ბოლო მატჩს ასევე დღეს ჩაატარებს (კლუბმა ირლანდიასთან მატჩში ფეხბურთელის გამოშვებაზე უარი განაცხადა) და ირაკლი სირბილაძე ტურკუს “ინტერიდან”. ორივე ფეხბურთელი 3 ივნისს პირდაპირ დანიაში ჩავა.

ირლანდია-სქართველოს მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, შეხვედრა კი, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება და ქართველი გულშემატკივარი მას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იხილავს.

სფფ-ის პრესსამსახური

დუბლინი, ირლანდია

0.118427