რაფა ნადალი მიმდინარე სეზონში მეათე ტურნირის ფინალში გავიდა. მალიორკელმა ეს მონრეალში, “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში კლასიფიკაციის ლიდერის ნოვაკ ჯოკოვიჩის 6:4, 3:6, 7:6 ძლევის შედეგად მოახერხა. წლეულს ჯერჯერობით ჩატარებული 9 გადამწყვეტი შეხვედრიდან რაფამ 7 მოიგო, წაგებით კი ორასიო სებალიოსთან ვინია-დელ-მარში და ჯოკოვიჩთან მონტე კარლოში დამარცხდა.
ამ დილით გამართულ მატჩს რაც შეეხება, ნადალისა და ჯოკოვიჩის პაექრობა 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელის ანგარიშზე 2-2 ბრეიკია, ეისებით კი სერბმა ესპანელს ერთით აჯობა (რვა შვიდის წინააღმდეგ). მონრეალში ნადალი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს 36-ედ შეხვდნენ და მათი პირადი მატჩების ანგარიში 21:15-ია ესპანელის სასარგებლოდ.
მონრეალის “მასტერზ1000”-ის ფინალში რაფა ნადალი კორტის მასპინძელ მილოშ რაონიჩს შეხვდება.