ჩოგბურთი

21:52 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ბრალდებას უარყოფს და მონრეალისთვის ემზადება

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ სრდანმა საკმაოდ უდიერად მოიხსენია მისი შვილი უმთავრესი კონკურენტები როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი. შვეიცარიელთან დაკავშირებით ჯოკოვიჩ-უფროსმა განაცხადა, შესაძლოა ფედერერი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელიც კი იყოს, მაგრამ ადამიანური თვისებებით გამორჩეული ნამდვილად არააო. ნადალს რაც შეეხება, “ნოლეს” მშობელმა ხაზი გაუსვა, ნოვაკის პირველ ჩოგნად გახდომამდე რაფა ჩემ შვილთან მეგობრობდა, ახლა კი მისი შურს და პოზიცია შეიცვალაო. სრდან ჯოკოვიჩს მხოლოდ ენდი მარეი არ გაუკრიტიკებია, პირიქით, შოტლანდიელი კარგ პიროვნებად მოიხსენია.

უფროსი ჯოკოვიჩის სიტყვებს რაფა ნადალი გამოეხმაურა. “უმჯობესი იქნება, თუკი მამა-შვილი ერთმანეთს დაელაპარაკება და შექმნილ სიტუაციასაც გაარკვევს. ნოვაკთან უთანხმოება არასდროს მომსვლია, მე მისთვის ბევრჯერ მომიგია, მასაც საკმარისი რაოდენობით დავუმარცხებივარ, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობისას პრობლემები არ შეგვქმნია. საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, ჩემი საქმეც არაა მათი კომენტირება, მაგრამ როდესაც არასწორად მაკრიტიკებენ, უფლებას ვიტოვებ საწინააღმდეგო თვალსაზრისი საჩოგბურთო საზოგადოებას გავაცნო”, - ნადალის პოზიცია ამერიკულ ვებგვერდს tenisweb.com-ს მოჰყავს.

ამასთან რაფამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: “სეზონის პირველ ნაწილში ბევრ წარმატებას მივაღწიე და ახლა ჩემი მიზანი სამომავლო ტურნირებისთვის სათანადო მზადყოფნაა”. ნადალს უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია (ამ ტურნირზე მალიორკელი პირველსავე წრეში დამარცხდა), მშობლიურ მალიორკაში ვარჯიშობდა, 5 აგვისტოდან კი კანადის კვებეკის შტატის ქალაქ მონრეალის შეჯიბრებაში ჩაებმება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069556