ტოკიოში დასრულებული მაისის სუპერტურნირის გამარჯვებული რიგით 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც ნაცუ ბაშო 14 მოგებით და 1 მარცხით დაასრულა.
“თეთრმა ფენიქსმა” ტურნირის უკანასკნელ დღეს თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯი უვატენაგეთი დაამარცხა და ოძეკი კისენოსატოს 1 გამარჯვებით აჯობა. ამ უკანასკნელმა ბოლო შერკინებაში იოკოძუნა კაკურიუს მე-6 მარცხი აგემა.
სამწუხაროდ, ბაშო მაკე-კოშით (უარყოფითი ბალანსი) დაასრულა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა ბოლო შერკინებაში დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ოკინოუმი იორიკირით დაჯაბნა, თუმცა, 8 წაგების ფონზე, ეს, მისთვის მხოლოდ მე-7 გამარჯვება გახლდათ.
გაგამარუ ტოკიოში აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობა, ამდენად, დიდი შანსია, მომავალ ბაშოს იგი უკვე რანგით მე-2 დივიზიონში შეხვდეს.
ამ შემთხვევაში, ძურიოში ორი ქართველ სეკიტორს ვიხილავთ, რადგანაც იქ ასპარეზობა უკვე გაინაღდა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინმა მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო და წინსვლა გაინაღდა.
პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე 30 ივნისს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი 13-27 ივლისს ნაგოიაში ჩატარდება.