გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნა ლი ჩოგბურთიდან მიდოდა, ჩოგბურთელმა დღეს თავად დაადასტურა ღია წერილით. ნა ლიმ კარიერის დასრულების მიზეზად მარჯვენა მუხლის ტრავმა დაასახელა.
“ოპერაციის შემდეგ ყველანაირად ვეცადე კორტს სასურველ ფორმაში დავბრუნებოდი. ადრე ეს მოვახერხე, მაგრამ ახლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მთელი კარიერის განმავლობაში მარჯვენა მუხლის ტრავმა მქონდა. სპორტიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილებაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის”- განაცხადა ნა ლიმ.
ჩინელი ჩოგბურთელი კორტზე ბოლოს “უიმბლდონის” ტურნირის მესამე წრეში ვიხილეთ, სადაც ბარბარა საჰლავოვა-სტრიკოვასთან დამარცხდა.
აზიელმა ჩოგბურთელმა თავის კარიერაში დიდი სლემის ორი ტურნირი მოიგო - 2011 წელს საფრანგეთის ღია პირველობა და 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობა.
ნა ლი პირველი აზიელი ჩოგბურთელია, ვინც ერთეულთა თანრიგში მოიგო დიდი სლემის ტურნირი. ჩინელმა ჩოგბურთელმა თავის კარიერაში WTA-ის 9 ტიტული მოიგო.
ლაშა ქოიავა