საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის VII ტურში, 10 გუნდის 15 ქართველი ლეგიონერიდან, მოედანზე მხოლოდ სამი გავიდა და სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევებში, ჩვენებურთა უთამაშებლობის მიზეზი ტრავმებია.
ქართული დაპირისპირება შედგა “ბრივისა” და “პერპინიანის” შეხვედრაში. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ “პერპინიანის” მესამე ნომერი გიორგი ჟღენტი და “ბრივის” პირველი ნომერი კარლენ ასეიშვილი. შესვენებისას ჟღენტი შეცვალეს, ხოლო ასეიშვილმა 49 წუთი ითამაშა. მასპინძელი “ბრივის” განაცხადში არ იყო გოდერძი შველიძე.
ანგარიშიდან გამომდინარე, ბრძოლა მხოლოდ საწყის 20 წუთში გაიმართა, რომლის დროსაც გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს. დარჩენილ დროში “ბრივი” დომინირებდა, 31:6 იმარჯვა, თანაც სამი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ამრიგად, “ბრივი” 15 ქულით მე-11 პოზიციამდე აღზევდა, ხოლო “პერპინიანს” 16 ქულა დარჩა და მე-9 ადგილზეა.
დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” დაუხვდა და მეტოქე 26:19 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხინჩაგიშვილი და მოედანზე 52 წუთი გაატარა. “რასინგ მეტრომ” პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და 30-ე წუთისთვის 18:3 დაწინაურდა, მაგრამ მერე ლელო-გარდასახვა თავადაც გაუშვა და ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ჩამორჩენა ორ ქულამდეც დაიყვანეს, მაგრამ მხოლოდ ის შეძლეს, რომ 7 ქულით მარცხისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერეს. ახლა, “რასინგ მეტრო” 20 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “ბორდო” 16 ქულით მე-10 პოზიციაზე.
მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიემ”, დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” მიიღო და ყველასათვის მოულოდნელად, მეტოქე 43:3 გაანადგურა, თანაც ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც აიღო. სამივე ქართველი ლეგიონერი ტრავმირებულია. “მონპელიე” 21 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “კლერმონი” 19 ქულით მე-6 პოზიციაზე.
ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაიარა ვასილ კაკოვინის და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზასა” და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრის” დაპირისპირებამ. ტულუზელებმა 26:9 მოიგეს, პრემიაც ჩაიწერეს და ჯამში 21 ქულით მე-4 ადგილზე არიან, ხოლო “კასტრი” 16 ქულით მე-8 საფეხურზეა.
ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” “ბაიონს” უმასპინძლა და 18:12 იმარჯვა. მეორეხაზელი მიქაუტაძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ უთამაშია. ტულონელებმა ორი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს, მაგრამ 22 ქულით, პირველ ადგილზე არიან.
22 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე”, რომელიც ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია “უაიონს” და დაძაბულ ბრძოლაში 16:15 იმარჯვა. პარიზელებმა 72-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაიტანეს, 16:12 დაწინაურდნენ, მერე ერთი ჯარიმა გაუშვეს და 4 ქულა ჩაიწერეს. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 27-29 სექტემბერს გაიმართება.