საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ ხურცილავა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა. გამომდინარე იქიდან, რომ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის ზოგიერთ წევრს კარიერის გაგრძელება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოუწია, მათი ადგილი პარტიულ სიაში მყოფ იმ პირებს უნდა შეევსოთ, რომლებიც 1 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ. წესით, ხურცილავას პარლამენტის წევრობა ერგებოდა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის საყვარელ სფეროში დარჩენა ურჩევნია.
- პარლამენტზე უარის თქმა რაღაც უჩვეულოა. თითქოს, არც შეეფერება ქართულ მენტალიტეტს. თქვენ ხომ შარშან კენჭს იყრიდით მარტვილის რაიონში? ეს როგორ, გამარჯვების შემთხვევაშიც უარს იტყოდით პარლამენტარობაზე?!
- რასაკვირველია არა! მაგრამ გაიხსენეთ შარშანდელი სიტუაცია. მე, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრს, მეძლეოდა შანსი ჩემი მშობლიური რაიონის ინტერესები დამეცვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სწორედ იმ პერიოდში, როცა ყველა პატიოსანი ადამიანის ცხოვრების პირობები აუტანელი იყო. წინასაარჩევნო კამპანიისას მე ვხვდებოდი მარტვილის რაიონის მცხოვრებლებს და მათი ნაამბობი არასოდეს დამავიწყდება... რას გაუძლო ჩვენმა ხალხმა?!.. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ აჟიოტაჟის, ქვების სროლისა და ლანძღვა-გინების გარეშე იცვლება ქვეყნის იერსახე და იმედი მაქვს, ჩვენი სამშობლო ისეთი იქნება, როგორსაც იმსახურებს. თავისი ტრადიციებით, მისწრაფებებით და შესაძლებლობებით. ასეთ გარემოში, ნებისმიერი პროფესიის მოქალაქის ვალია სწორედ ის საქმე გააკეთოს, რაც იცის, უყვარს და თანაც დარწმუნებულია, რომ თავისი საქმიანობით სიკეთეს მოიტანს. ჩემი სფერო კი, მოგეხსენებათ - ფეხბურთია, რომელიც, რასაკვირველია, უჩემობას გაუძლებს, მაგრამ მე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!
- უკვე მერამდენე წელია სფფ-ში მუშაობთ. როგორ ფიქრობთ, სულ ეს არის ჩვენი ფეხბურთის პოტენციალი თუ წინსვლას იმედიც გაქვთ?
- მოდით, ვიყოთ რეალისტები და დავიწყოთ ეროვნული ნაკრებით. თქვენ გახსოვთ, რომ იყო ის პერიოდიც, როცა მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ქვეჯგუფებში ჩვენი მეტოქეები იყვნენ გერმანია, ინგლისი, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა და ასე შემდეგ. ჩვენი საფეხბურთო საზოგადოება, გულშემატკივრები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კატეგორიულად მოითხოვდნენ ფინალურ ეტაპზე გასვლას. მაგრამ გავიხსენოთ, განა იმ წლების ნაკრებს არ ჰქონდა სუსტი პოზიციები?! თუმცა, არ ღირს ყველაფრის თქმა. თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე მაშინდელი ფეხბურთელი შეუდარებლად ძლიერი და მაღალი კლასის იყო, ვიდრე ახლა გვყავს. შესაძლოა, ზოგიერთისთვის ძნელია ამ ფაქტის აღიარება, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთია რეალობა.
- ისე გამოდის, თქვენ არ გიკვირთ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა და მის მთავარ მწვრთნელთან ოპონირება არც გიფიქრიათ..
- რაღაც არ მახსენდება თემურ ქეცბაია ფინალურ ეტაპზე გასვლას რომ შეგვპირებოდა წინა ორი საკვალიფიკაციო ციკლის წინ. ძალიან მაკვირვებს ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის პოზიცია, როცა მათ ნაკრებში პრობლემები ექმნებათ. თუ შეგიძლიათ, დამისახელეთ მწვრთნელი, რომელსაც არ უნდა, რომ მის გუნდში უფრო ძლიერმა ფეხბურთელმა ითამაშოს! ახლა, ერთ ასეთ ისტორიასაც გავიხსენებ. როცა გავრილ კაჩალინი ვალენტინ ნიკოლაევმა შეცვალა, ერთხანს ნაკრებში აღარ გამომიძახეს. მაგრამ მალე, მოსკოვში, ჩვენი „დინამოს“ ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ნიკოლაევი ჩემთან მოვიდა და მითხრა: “შესტერნიოვი და კაპლიჩნი ცსკა-შიც ერთად თამაშობენ და მეგონა ნაკრებშიც ცენტრალური მცველების უკეთესი წყვილი გვეყოლებოდაო. შენ ისევ ნაკრებში ხარ და ვისაც მოისურვებ, დაცვაში პარტნიორებად მათ აირჩევო”. არ გეგონოთ, ახლა თავს ვიქებ. მეტსაც გეტყვით, ნაკრებში კიდეც რომ არ დავბრუნებულიყავი, ყველას გასაგონად, მითუმეტეს პრესაში ხმას არ ამოვიღებდი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლაევი ცსკა-ს მწვრთნელიც იყო. ამის გაკეთება არც მიფიქრია. დამერწმუნეთ, ფეხბურთელის ერთადერთი არგუმენტი კარგი თამაშია და სხვა არაფერი. წუწუნი ან საკუთარი თავის ქება, ყველაფრის მწვრთნელზე გადაბრალება, მიუღებელია, არასპორტულია...
- რა დასამალია, ახლა მაღალი კლასის ფეხბურთელების მართლაც მწვავე დეფიციატია..
- ამას ვამბობ უკვე რამდენი წელია! და სწორედ ამიტომაც მინდა, რომ ჩემი საქმიანობა მხოლოდ ფეხბურთთან იყოს დაკავშირებული. ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისათვის, სულ რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტაა საჭირო. რასაკვირველია, უპირველესია საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. მგონი, აუცილებლობას არ წარმოადგენს ჩამოვთვალო თუ რამდენი სტადიონი და სპორტული ბაზა გარემონტდა კაპიტალურად. პრაქტიკულად ხელახლა აშენდა და ახლა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. სფფ-ის პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს, რომ ფეხბურთის სპეციალისტია. გაზვიადებულად თუ არ ჩამომართმევთ, ვიტყვი, რომ არც აველანჟი და ბლატერი არიან ფეხბურთის სპეციალისტები. ზვიად სიჭინავა აკეთებს იმას, რაც იცის და დღეს ყველაზე შეურიგებელი ოპონენტიც ვერ იტყვის, რომ ეროვნულ ნაკრებს და საერთოდ ყველა ასაკობრივ ნაკრებს მომზადების საუკეთესო პირობები არა აქვთ. დამერწმუნეთ, ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ სფფ-ში ვმუშაობ...
რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების კიდევ ერთ აუცილებელ პირობას - მწვრთნელთა კვალიფიკაციას, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებისაგან შორს არიან ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელები. ისე, არც ზედა ეშელონებში და საქართველოს ჩემპიონატის ლიგებშია კარგად საქმე. ერთი სიტყვით, სწორედ აქ, ჩვენი ფეხბურთის ამ თითქმის ტრადიციად გადაქცეული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ხელშემწყობად მესახება ჩემი ფუნქცია. მეტი რა გითხრათ - გვიყვარდეს ფეხბურთი! .
gff.ge
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო