ფეხბურთი

17:47 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მურთაზ ხურცილავა: “ტოტენჰემთან” გამოცდილება არ გვეყო”

22 აგვისტოს, “დინამო არენაზე,” თბილისის “დინამო” ევროპის ლიგის პლეი ოფში ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. ასეთი დონის საკლუბო გუნდი თბილისში კარგა ხანია აღარ ჩამოსულა და წინ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველის. გულშემატკივრებმა იციან და “მსოფლიო სპორტიც” წერდა, რომ ევროთასებზე ამათი პირველი დაპირისპირება 40 წლის წინათ, 1973 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა. მაშინ ორი მატჩის ჯამში ბრიტანელებმა იმარჯვეს (1:1, 5:1). იმ ფორმაციის “დინამოს” კაპიტანი ლეგენდარული მურთაზ ხურცილავა გახლდათ, რომელსაც ძველი ამბების გასახსენებლად ფეხბურთის ფედერაციის ოფისში ვეწვიეთ.

- ბ-ნო მურთაზ, მართალია, მაშინ ლონდონელებთან წავაგეთ, მაგრამ წლების განმავლობაში “ტოტენჰემთან” მატჩები გულშემატკივართა წრეში ყოველთვის საგანგებო განხილვის საგანი იყო.

- როცა “ტოტენჰემი” შეგვხვდა, ყველას სხვაგვარი განწყობა დაგვეუფლა. იმიტომ, რომ ამ დონის გუნდთან “დინამოს” მანამდე არასოდეს ეთამაშა. პიტერსი, ჩივერსი და რა ვიცი, ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდათ. თბილისში ცუდად არ გვითამაშია, 1:1 დავამთავრეთ შეხვედრა. მნიშვნელობა იმასაც ჰქონდა, რომ ჩვენი გუნდის უმეტეს ფეხბურთელებს ასეთი დონეზე არასოდეს ეასპარეზათ და გამოუცდელები იყვნენ. მე, რეზო ძოძუაშვილს, კახი ასათიანსა და გივი ნოდიას უკვე გვქონდა სსრკ-ის ნაკრებში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ნათამაშები. დანარჩენებს კი… თავიდან ნერვიულობდნენ, ეტყობა მეტოქეთა ავტორიტეტის რიდი ჰქონდათ, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ თურმე მათთანაც შეიძლება თამაში და შეტევებსაც უმატეს. საბოლოოდ, მატჩი ფრედ დამთავრდა და შეიქმნა ეიფორია, რომ საპასუხო შეხვედრაშიც წარმატებას მივაღწევდით.

 სტუმრად 1:5 დავმარცხდით, თუმცა ასეთი ანგარიშით წასაგები თამაში ნამდვილად არ იყო. რეალურად, ლონდონური მატჩი შესაძლოა ფრედაც დაგვემთავრებინა, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით ყველამ ერთად, აღარ დავწვრილმანდები. ასეთი მეტოქე კი შეცდომებს არ გაპატიებს.

- “ტოტენჰემთან” ახლანდელ მატჩზე რას ფიქრობთ?

- მე და ალბათ ყველას, გვინდა, რომ “დინამომ” წარმატებით დაძლიოს ეს ბარიერი, მაგრამ ძალიან რთული იქნება. არ უნდა შეშინდნენ და თავისი ითამაშონ, თუმცა საიდუმლო არავისთვისაა, რომ დღეს “ტოტენჰემს” უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. სურვილი ერთია, შესაძლებლობა – მეორე.

 ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში “დინამომ” ფარერების “სტრეიმური” ჯამში 9:2 დაამარცხა, მაგრამ ამით ჩვენი გუნდის რეალურ ძალას ხომ ვერ შევაფასებდით. აი, შემდეგ ეტაპზე უკვე საშუალოევროპული “სტიაუა” შეგვხვდა, რომელიც, ჩემი აზრით, “ტოტენჰემის” დონის არ არის, მაგრამ დავმარცხდით.

- ჯერაც გაურკვეველია ითამაშებს თუ არა გარეთ ბეილი თბილისში. ბოლო ინფორმაციით, “ტოტენჰემში” მისი დარჩენის ამბავი ამ კვირაში გაირკვევა. როგორ ფიქრობთ, მისი ყოფნა-არყოფნა დიდად იმოქმედებს შედეგზე?

- არ მგონია (იცინის), თუმცა მისი ყოფნის შემთხვევაში, ცხადია, მეტად გაგვიჭირდება. მაგრამ ვილაშ-ბოაშმა შესაძლოა, ისეთი ვინმე გამოიყვანოს, მწვრთნელისთვის რომ დასამტკიცებელი აქვს რაღაცეები. მერე კი შეიძლება ვთქვათ – ნეტავ ბეილი ყოფილიყოო (იცინის). ვინ გამოვა, ჯერ ხომ არ ვიცით.

- “ტოტენჰემი” ბეილში დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს. როგორ გგონიათ, ბეილში და ზოგადად ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა ნორმალურია?

- მართლაც ძალიან დიდ თანხებს იხდიან. ჩემ დროს, 60-იანი წლების დასაწყისში რომ ფეხბურთელები იყვნენ, ბეილს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. იგივე მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, ჟორა სიჭინავა, სიომა ბარქაია.

- ბეილს ჯობდნენ?

- რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, ბოლო წლებია მხოლოდ 2 ფეხბურთელზეა ლაპარაკი: მესი-რონალდუ, რონალდუ-მესი. მათ გარშემო კი თითქმის არავინაა. ბოლო დროს საშუალო დონის მოთამაშეთა კლასმა საგრძნობლად მოიმატა, მაგრამ პიროვნებები, რომლებსაც მარტოდ შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა, აღარ ჩანან. და არა მარტო საქართველოში. ყველგან ასეა.

- დავამატებდი, რომ ასე მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება. ვთქვათ, მუსიკაში, ან კინოში დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა.

- გეთანხმებით. თუნდაც ახლახან ბრაზილიაში დამთავრებული კონფედერაციათა თასის გათამაშება ავიღოთ. ტურნირის მთავარი ვარსკვლავი ბრაზილიელი ნეიმარი გახდა, მაგრამ არ არის ნეიმარი იმ დონის, ასე მგონია. რაღაც აკლია დიდ ფეხბურთელობამდე.

- ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია.

- ასეა, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. ხომ ხედავთ, ახალგაზრდულმა ნაკრებებმა რამხელა წარმატებებს მიაღწიეს. ახლა ამ ბიჭებს მოვლა და გაფრთხილება სჭირდებათ. დინამოელებს კი, ამ მძიმე ბრძოლაში, კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115231