ფეხბურთი

3:00 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის საგზურებისთვის ბრძოლა იწყება

 

8 საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 4 საგზურისთვის ბრძოლას 15 ნოემბერს დაიწყებს. საპასუხო მატჩები 19 ნოემბერს ჩატარდება და მუნდიალის მონაწილე 4 ქვეყნის ვინაობაც ცნობილი გახდება.

 

პორტუგალია – შვედეთი

პორტუგალიისა და შვედეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში, ფავორიტის დასახელება უდავოდ რთულია. ერთი მხრივ, პორტუგალიელებს უფრო ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ შვედები მათთვის ძალზე უხერხული მეტოქეები არიან.

ამ ნაკრებთა ურთიერთშეხვედრების ისტორია 15 მატჩს ითვლის. აქედან, 6 შვედების გამარჯვებით დასრულდა, 3-ჯერ პორტუგალიელებმა იმარჯვეს, 6-ჯერ კი, ფრე დაფიქსირდა. შვედებისთვის დამატებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პირველ მატჩს სტუმრად მართავენ და სამშაბათს, თავიანთ კედლებში მიიღებენ პორტუგალიელებს.

 

ისლანდია – ხორვატია

ისლანდიისა და ხორვატიის ნაკრებთა დაპირისპირებას დიდი ისტორია ნამდვილად არ აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრიან – მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე. საგულისხმოა, რომ ხორვატებმა ორივე მატჩში დამაჯერებლად იმარჯვეს. ანგარიშები ასეთია – 1:3, 4:0.

2-მატჩიანი დუელის ფავორიტად ხორვატიის ნაკრებია მონათლული, მაგრამ ამ სტატუსს დამტკიცება მოედანზე სჭირდება. ხორვატთა სამწვრთნელო შტაბი მეტოქე სერიოზულად ეკიდება და ისლანდიელებთან ორ საინტერესო შეხვედრას გვპირდება.

 

უკრაინა – საფრანგეთი

უკრაინის ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთის ეროვნული გუნდი არასდროს დაუმარცხებია და ამის გაკეთებას პირველად შეეცდება. მიხაილ ფომენკოს გუნდს ამის მეტი შანსი პირველ მატჩში ექნება, რადგან მისი გუნდი საშინაო კედლებში იასპარეზებს და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედი ექნება.

უკრაინასთან ჩატარებული 7 მატჩიდან, ფრანგებმა 4 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. საგულისხმოა, რომ ამ ნაკრებთა დუელი დიდი შედეგიანობით არ გამოირჩევა. გუნდების მთავარი მწვრთნელები თავიანთი იდეებისა და ჩანაფიქრების გამხელისგან თავს იკავებენ და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას მოედანზე გეგმავენ.

 

საბერძნეთი – რუმინეთი

მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალების მქონე გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. საბერძნეთისა და რუმინეთის დუელი, შესაძლოა, ნებისმიერი ანგარიშით დასრულდეს და ეს არავის გააკვირვებს. სტატისტიკური მონაცემები რუმინელთა უპირატესობაზე მეტყველებს, მაგრამ ბერძნებს ხელწამოსაკრავი ნაკრები რომ არ ჰყავთ, ყველასთვის ცნობილია.

10 მატჩიდან, რუმინელებმა 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებთა დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ შორეული 1957 წლიდან იწყებს. იმ წელს, რუმინელები ბერძნებს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ სძლიეს.

სიმბოლურია, რომ საბერძნეთისა და რუმინეთის ნაკრებთა უკანასკნელი დაპირისპირება ზუსტად 2 წლის წინათ – 2011 წლის 15 ნოემბერს შედგა. რუმინელებმა ის ამხანაგური მატჩი 3:1 მოიგეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144074