ფეხბურთი

16:29 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მთავრობა ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების მოგვარებით დაინტერესებულია

გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერმინისტრისა და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურების, ასევე, სპორტის მინისტრის შეხვედრის თაობაზე, კომენტარი არც ფედერაციაში გაკეთდა და არც სამინისტროში, “მსოფლიო სპორტმა” ჩვენ კოლეგა ჯამლეტ ხუხაშვილს მიმართა, რომელიც აგრეთვე იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. 

მისი თქმით, მედიისთვის დახურული შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა და მხარეებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დახმარებაზე, ბავშვთა ფეხბურთზე, ეროვნულ ნაკრებზე, ევროპის სუპერთასის მასპინძლობაზე და კიდევ არაერთ თემაზე ისაუბრეს. ხუხაშვილის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად მოწადინებულია, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები დადებითად გადაწყდეს. ორშაბათ დილით დომენტი სიჭინავა და რეზო არველაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას შეხვდებიან, ხოლო საღამოს შესაძლოა ფედერაციის პრეზიდენტმა და გენმდივანმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართონ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დომენტი სიჭინავას, გენერალურ მდივანს რეზო არველაძეს, ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ჩივაძესა და საპატიო ვიცე-პრეზიდენტს მურთაზ ხურცილავას შეხვდა.

ღარიბაშვილის გარდა, შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ესწრებოდნენ. ეს უკანასკნელი ვიცე-პრემიერიცაა. შეხვედრაზე იყო სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.

0.11283