ფეხბურთი

5:11 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მთავარი ბრძოლები წინაა

“რეალისა” და “მანჩესტერის” დაპირისპირებას ფეხბურთის გულშემატკივრები თითქმის 2 თვის განმავლობაში ელოდნენ. გუნდებმა იმედები გაამართლეს და ქომაგებს ძალიან საინტერესო მატჩი შესთავაზეს.

შეხვედრა მასპინძელი გუნდის დიდი უპირატესობით დაიწყო და პირველმა ტაიმმა ასეც განვლო. მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში, მადრიდელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. მე-20 წუთზე, რუნიმ კუთხური მოაწოდა და სერხიო რამოსის დამჯაბვნელმა უელბეკმა თავით ზუსტად დაარტყა.

“წითელი ეშმაკების” სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. გატანილი გოლიდან ათ წუთში, მასპინძელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან, დი მარიამ ბურთი საჯარიმოში ძალიან კარგად ჩააწოდა, ხოლო რონალდუმ ევრას წინააღმდეგობა არც კი შეიმჩნია და მისთვის ჩვეული, ძლიერი და ზუსტი თავურით ანგარიში გაათანაბრა. პორტუგალიელს გატანილი გოლი არ უზეიმია. იმიტომ კი არა, რომ მის გუნდს არ ეზეიმებოდა, უბრალოდ, კრიშტიანუს “მანჩესტერთან” განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს.

მე-2 ტაიმში, თვალსაჩინო უპირატესობას უკვე სტუმრები ფლობდნენ. გამოჩნდა, რომ პირველ ტაიმში აქტიურობამ “რეალს” დიდი ენერგია წაართვა და შესვენების შემდეგ, მადრიდელები მანჩესტერელთა მცველებს უწინდებურად ვეღარ აწუხებდნენ. ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გაიტანეს.

ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, 1:1 სავსებით დამაკმაყოფილებელი ანგარიშია. მართალია, “მანჩესტერმა” გარკვეული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ ერთი სანახაობის ჩვენების გარანტიას იძლვა.

მთავარი ბრძოლა წინაა მე-2 წყვილშიც, რომელშიც ერთმანეთს “შახტარი” და “დორტმუნდი” უპირისპირდებიან. დონეკცში დაფიქსირებული შედეგიანი ფრის წყალობით, გერმანელებმა არცთუ მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ თავიდანვე ცნობილი იყო და “დონბას არენაზე” გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა, რომ ამ გუნდებს შორის ნებისმიერი შედეგის დაფიქსირებაა შესაძლებელი და გერმანიაში, “შახტარი” უშანსოდ ნამდვილად არ იქნება.

უკრაინული კლუბის გულშემატკივართათვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ისაა, რომ მათი საყვარელი გუნდი 2-ჯერ იგებდა, მაგრამ დონეცკელებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც ვერ მოახერხეს.

ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა კარიდან დაახლოებით 25 მეტრში დანიშნული საჯარიმო დარტყმით გოლი სრნამ გაიტანა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ვაიდენფელერს ამ ბურთის აღება მართებდა.

“რეალისა” და “მანჩესტერის” თამაშის მსგავსად, პირველ გოლს მე-2 ამ შემთხვევაშიც 10 წუთში მოჰყვა. ტაიმის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გიოტცემ ჩააწოდა. სტუმართა ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, პირველ ცდაზე, ბურთს ფეხი ააცილა, მაგრამ მის წინ მდგომი ორი მცველი ერთმანეთს შეეჯახა და გაზონზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც, პოლონელმა პიატოვის კარი დაუბრკოლებლად აიღო. ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ “დორტმუნდის” ზედიზედ მე-7 თამაშში გაიტანა.

მიმდინარეობდა 68-ე წუთი, როდესაც ეფექტური გოლით, დუგლასმა წინ კვლავ “შახტარი” გაიყვანა. მოედანზე 6 წუთის შესულმა ბრაზილიელმა რაკიცკის მიერ გაკეთებული შორეული გადაცემა საჯარიმოს წინა ხაზთან მიიღო და შმელცერთან ბრძოლაში, ვარდნაში დარტყმით, ლამაზი ბურთი გაიტანა.

“დორტმუნდმა” მეორედ გათანაბრება ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე მოახერხა. შმელცერის მიერ ბურთის კუთხურიდან მოწოდების შემდეგ, თავით კარგად ჰუმელსმა ითამაშა, რომელმაც შეხვედრას წერტილი დაუსვა და გერმანელებს უპირატესობა მოუპოვა.

 

რეალი-მანჩესტერი 1:1 (1:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ” 79429

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო (პეპე 83), დი მარია (მოდრიჩი 75), იოზილი, რონალდუ, ბენზემა (იგუაინი 60).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

მანჩესტერი (4-4-1-1): დე ხეა, რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა, კერიკი, ჯონსი, კაგავა (გიგზი 64), უელბეკი (ვალენსია 73), რუნი (ანდერსონი 84), ვან პერსი.

მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი.

გოლები: 0:1 უელბეკი (20), 1:1 რონალდუ (30).

გაფრთხილებები: ვან პერსი 5, რაფაელი 40, ვალენსია 88.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 22 (11)-11 (6), კუთხური: 12-8, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-9, ჯარიმა: 14-12.

 

შახტარი-დორტმუნდი 2:2 (1:1)

დონეცკი, “დონბას არენა” 49140

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, რაკიცკი, ჩიგრინსკი, რატი, ფერნანდინიო, ჰუბშმანი, ტეიშეირა (ედუარდო 84), მხითარიანი, ტაისონი (დუგლასი 62), ადრიანო.

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი, კელი, ბენდერი, კუბა (ლაიტნერი 80), გიოტცე, როისი (შიბერი 90), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: 1:0 სრნა (31), 1:1 ლევანდოვსკი (41), 2:1 დუგლასი (69), 2:2 ჰუმელსი (87).

გაფრთხილება: ფერნანდინიო 70.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 5 (2)-13 (8), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 5-0, ჯარიმა: 11-15.

0.465545