ფეხბურთი

11:06 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯების სკანდალმა ტურის ყველა თემა გადაფარა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-7 ტური სამი დღის განმავლობაში გაიმართება. ხუთშაბათს ცხინვალის “სპარტაკი” ვაკეში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე “ზუგდიდს” უმასპინძლებს. შარშანდელთან შედარებით, შიდაქართლელები წლეულს გაცილებით უკეთ ასპარეზობენ. წინა ტურში ბათუმშიც იმარჯვეს და მეექვსე ადგილზე დგანან. ცხადია, აუტსაიდერ ზუგდიდელებთან სამი ქულის აღებას გეგმავენ. ნესტორ მუმლაძის გუნდი კი ერთადერთია ლიგაში, ვისაც ახალ სეზონში გამარჯვების სიხარული არ განუცდია.

მართალია “მეტალურგი” და “ზესტაფონი” ჯერჯერობით ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, მაგრამ მათი შეხვედრები ყოველთვის საინტერესოა. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მეტალურგები საკუთარი მაყურებლის გახარებას შეეცდებიან. ზესტაფონელები კი მათთვის შეუფერებელი ადგილიდან აღზევებას ცდილობენ და ცხადია, ისინიც გასამარჯვებლად გავლენ მინდორზე.

ზედიზედ ორი თამაშის მომგები “გურია” მცხეთაში “ვიტ ჯორჯიას” ესტუმრება. ხოლო წინა ტურში შინ “ტორპედოსთან” მოულოდნელად დამარცხებული “სამტრედია” ქობულეთში “შუქურასთან” ჩავა.

მთავარი მატჩი კი გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართება. მესამეადგილოსანი “დილა” ლიდერ თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.

ერთმა ამბავმა კი ოთხშაბათს ყველა დანარჩენი გადაფარა. ალბათ შეამჩნევდით, რომ წყვილებს ქვემოთ მსაჯები არ არიან მითითებული. ვერც იქნებიან, იმიტომ რომ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტს ახლა ცხელი დრო უდგას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 8 ქართველი არბიტრი დააკავა: ოთარ ხეცაძე, ირაკლი ურუშაძე, მამუკა ურუშაძე, თეიმურაზ ხუჭუა (ყველა ეროვნული კატეგორიის არბიტრები), ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკაროღლი (პირველი კატეგორია), ონისე მოლოდინაშვილი (ეროვნული კატეგორიის ასისტენტი) და თორნიკე გვანცელაძე (ფიფას არბიტრი).

შსს-ის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მსაჯები 2500-დან 5000-მდე ამერიკული დოლარის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდნებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ მატჩებზე ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ასრულებდნენ კიდეც. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.

სფფ-მ ოთხშაბათსვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს"- ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.

 

25 სექტემბერი

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო. 16:00

დისკვალიფიცირებული: ოთარ ჯავაშვილი (ზუგდიდი)

 

26 სექტემბერი

მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი

რუსთავი. “ფოლადი.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: ჯაბა დვალი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზესტაფონი)

 

კოლხეთი (ფოთი) – სიონი (ბოლნისი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: ომარ გოგონაია (კოლხეთი), გივი კვარაცხელია (სიონი)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

 

დილა (გორი) – დინამო (თბილისი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

 

27 სექტემბერი

მერანი (მარტვილი) – ჩიხურა (საჩხერე)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: პაპუნა ფონიავა (მერანი); თემურ ღონღაძე, დენის დობროვოლსკი (ჩიხურა)

 

შუქურა (ქობულეთი) – სამტრედია

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00

 

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (ბათუმი)

ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

 

 

1.        დინამო (თბ)                                          6                 5               0                 1                 14:6                15
2. ტორპედო     6 3 2 1 6:3 11
3. დილა         6 3 1 2 8:3 10
4. სამტრედია    6 3 1 2 7:6 10
5. ჩიხურა       6 3 1 2 7:6 10
6. სპარტაკი     6 3 1 2 4:5 10
7. ვიტ ჯორჯია  6 3 0 3 7:4 9
8. დინამო (ბთ)  6 3 0 3 6:6 9
9. მეტალურგი   6 2 2 2 7:6 8
10. სიონი         6 2 2 2 8:8 8
11. გურია         6 2 2 2 4:10 8
12. ზესტაფონი   6 2 1 3 13:8 7
13. შუქურა       6 1 4 1 5:10 7
14. მერანი              
6 1 1 4 4:8 4
15. კოლხეთი     6 1 1 4 5:10 4
16. ზუგდიდი     6 0 3 3 3:9 3

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.114388