ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “რეალის” ხორვატი შემტევი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის “ჩელსიში” თან წაყვანას გეგმავს.
უკვე დადასტურებულია, რომ მოურინიო “რეალს” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. გაოფიციალურებაღა აკლია ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის “ჩელსიში” დაბრუნდება. პორტუგალიელის “არისტოკრატების” მთავარ მწვრთნელად დანიშვნას მომდევნო კვირაში ელიან.
The Sun-ი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “განსაკუთრებულს” ლუკა მოდრიჩის ხილვა თავის ახალ კლუბშიც სურს. “მოურინიო მოდრიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ვიცით, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება იოლი არ იქნება, მაგრამ ჟოზესთვის ეს სავსებით შესაძლებელია.” – ციტირებს “ჩელსისთან” დაახლოებული პირის სიტყვებს ინგლისური გამოცემა.
ლუკა მოდრიჩი “რეალში” გასულ ზაფხულში, ლონდონური “ტოტენჰემიდან” 33 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხორვატის ტრანსფერი წარმატებული გამოდგა. მან “რეალის” მაისურით 51 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.