რიო დე ჟანეიროს ტურნირის ფინალში რაფა ნადალის გასვლა დიდწილად კანონზომიერ მომენტად უნდა ჩავთვალოთ, გადამწყვეტ მატჩში უკრაინელი ოლეკსანდრ დოლგოპოლოვის გაღწევა კი მოულოდნელობაა. რეიტინგსიის 54-ე ნომერმა, 25 წლის დოლგოპოლოვმა ნახევარფინალში მსოფლიო კლასიფიკაციის მეოთხე ნომერ დავიდ ფერერს 6:4, 6:4 მოუგო.
ნადალს რაც შეეხება, რიოში პირველ ნომრად განთესილმა ესპანელმა დიდი ბრძოლა გადაიტანა თანამემამულე პაბლო ანდუხარის დასამარცხებლად. რაფამ პირველი სეტი 2:6 დათმო, მეორე 6:3 მოიგო, მესამეს ბედი კი ტაიბრეიკმა გადაწყვიტა. ამასთან, ნადალმა მეტოქის 2 მატჩბოლი “ამოქაჩა”. მატჩი 2 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. რაფამ 2 ბრეიკი შეასრულა და პაბლოსთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 3:0 გახადა.
“მთელ მატჩზე ენერგია არ მეყო. რიოში ნესტიანი ჰავაა და ამის გამო ფიზიკურად თავი კარგად ვერ ვიგრძენი. ზურგი აქ არაფერ შუაშია. ამასთან ანდუხარი ძალიან კარგად თამაშობდა და ასპარეზობის ბედი ტაიბრეიკმა გადაწყვიტა, რომელსაც ლატარეას შევადარებდი”, - განაცხადა რაფამ ნამატჩევს.
ოლეკსანდრ დოლგოპოლოვმა საათსა და 23 წუთში “მოუმთავრა საქმე” 31 წლის ფერერს. უკრაინელი მეცხრედ შეხვდა რეიტინგსიის მეოთხე ნომერ დავიდს და კარიერის განმავლობაში მეორედ მოახერხა მისი წინააღმდეგობის დაძლევა.