რაგბი

11:46 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვში შეცდომებით დავიწყეთ

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპის პირველი მატჩი ინგლისთან მარცხით დაიწყო.

ქართველებმა მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს და ორივე გარდასახვა გამოიყენეს, თავად ოთხი ლელო მიიღეს, რომელთაგან სამი შეცდომას მოყვა - 14:22. თამაში რომ დაიწყო ინგლისელებმა იმდენ ხანს არ გაათამაშეს ჯარიმა, რომ რეფერიმ მათ ბურთი ჩამოართვა, თავიდან შეტევა არ გამოვიდა და მეტოქემ უკან დაგვახევინა, მაგრამ მერე მერაბ კვირიკაშვილი ორ მცველს შორის გაძვრა, ბოლო მცველსაც დაუსხლტა, ლელო ძელებსშუა გაიტანა და გარდასახვაც თავად გამოიყენა.

თამაში რომ განახლდა საქართველოს ნაკრები საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შეცდა, საკუთარი დერეფანი წააგო, ხოლო ბოლო წუთზე შერკინებაში მეტოქეს თავისუფალის გათამაშების უფლება დაუთმო, ფლანგზე მეტოქე იოლად გაატარა და ორი ლელო მიიღო. ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 7:12 დასრულდა.

მეორე ტაიმის მეორე წუთზე ზედიზედ ორი გაფუჭებული ლელოს შემდეგ, ფლანგზე მეტობა შეიქმნა და ანგარიში 17:7 გახდა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა შეუტია, გიორგი ფრუიძემ ფლანგზე კარგად ითამაშა, იერიშმა ცენტრისკენ გადაინაცვლა, ბიძინა სამხარაძე ამოგდებულ ბურთს დაეუფლა და ლელოს კვირიკაშვილის გარდასახვა მოყვა. თამაშის გადარჩენის შანსი გაჩნდა, მაგრამ ბოლო წუთზე ინგლისმა ბურთაობით ხაზი მოშალა და ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:14 ბრიტანელების სასარგებლოდ.

ჩვენი ჯგუფის პირველ მატჩში საფრანგეთმა რუმინეთი 19:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე სწორედ რუმინეთი იქნება და შეხვედრა 14:06 საათზე დაიწყება.

0.127615