ფეხბურთი

18:25 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი საქართველო-ჰოლანდიის წინ

 

ძალიან შემოგვეჩვია ჰოლანდია: ეგაა, ეროვნული ნაკრებების დონეზე არასოდეს შეხვედრიან ქართველებს, თორემ ასაკობრივებში, იცოცხლეთ, ბოლო წლებში ხშირად ახვედრებთ წილისყრა ერთმანეთს. მარტო ბოლო ორთვიან მონაკვეთში უკვე მესამედ ხვდებიან, თანაც სხვადასხვა ასაკში.

ჯერ იყო 21-წლამდელებში 0:6 მარცხი, შემდეგ 17-წლამდელებში 0:1 და ახლა, 19-წლამდელების ჯერია. აქ უკვე სხვა იმედებით ვხვდებით, რადგან პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განვლილმა ორმა ტურმა გვაჩვენა, რომ ჰოლანდია სულაც არაა დაუმარცხებელი მეტოქე, ვასილ მაისურაძის ნაკრებმა კი მშვენიერ სტილში, ერთი ამოსუნთქვით მოუგო უელსსა და მოლდოვას. საქართველო უკვე გასულია ელიტ-რაუნდში და ჰოლანდიასაც თითქმის განაღდებული აქვს საგზური, თუმცა პრესტიჟის ამბავია. მოდით, ასე ვთქვათ, რევანშის...

როგორც იცით, აქ 1995 წელს დაბადებულები და უმცროსები თამაშობენ. ანუ, ეს ის ნაკრებებია, რომლებიც შარშან სლოვენიაში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ჰოლანდიამ ბოლო 2 წუთში გაიტანა 2 გოლი და 2:0 იმარჯვა. უნდა ითქვას, პირველი თამაშგარედან გავიდა და დღევანდელი 19-წლამდელების კაპიტანმა, მცველმა ჰენდრიქსმა გაიტანა. რუმინელი მსაჯი მარიუშ ავრაამი "დაუვიწყარია" ჩვენთვის: მან მე-15 წუთზე კაპიტანი ნიკა ჭანტურია გააძევა თითიდან გამოწოვილი მიზეზით.

იმ ნაკრებებიდან ჰოლანდიას ახლა 8 ფეხბურთელი ჰყავს შემორჩენილი, საქართველოს კი – 10: კაკაბაძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ჯიქია, გოროზია, სამხარაძე, ახვლედიანი და სათადარიგო მეკარე შერმადინი.

ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელების ამ ჯგუფური შეხვედრების წინაც თქვა, ჰოლანდიასთან მაინცდამაინც აუცილებელი მოგების მოთხოვნით ბიჭებს ფსიქოლოგიურ წნეხში ვერ ვამყოფებთო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვასა და უელსს აუცილებლად პირველ ნომრად ეთამაშებოდა. სიტყვა შესრულდა, საქართველომ იოლად იმარჯვა ამ ორ შეხვედრაში და დარწმუნებული ვართ, მაისურაძის გუნდი ჰოლანდიასთანაც დიდი მოტივაციით, ზედმეტი მორიდების გარეშე გავა მოედანზე.

ჰოლანდიამ ძალიან სუსტად ითამაშა უელსთან (0:0) და აქ მარტო ანგარიშს არ ვგულისხმობთ. 90 წუთის განმავლობაში, ვიმ ვან ზვამის გუნდს ერთი რეალური საგოლე მომენტიც კი არ ჰქონია. ვერც მოლდოვასთან ბრწყინავდნენ და მხოლოდ მეორე ნახევარში გატეხეს წინააღმდეგობა – 3:0. ჰოლანდიელები ბურთს ხშირად აკონტროლებენ (რაც სხვაგვარად წარმოუდგენელია), ოღონდ შეტევაში ძალიან უფერულები არიან და აფეთქებების გარეშე თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო უელსთან და მოლდოვასთან პირველ ტაიმშიც.

მაინც, შედარებით გამორჩეულნი არიან თურქული წარმოშობის ნახევარმცველი ბილალი (ორივე ფლანგზე თამაშობს), ზორბა და ტექნიკური აკოლასტე, საყრდენი ბაზოერი. აქვე ვთქვათ, რომ ჰოლანდიელებს დააკლდებათ მარჯვენა მცველი უელში, რომელიც უელსთან გააძევეს.     

მოკლედ, ხვალინდელი მატჩები:

15:00. “მიხეილ მესხი”: საქართველო-ჰოლანდია; 15:00. “დინამო არენა”. მოლდოვა-უელსი.

1. საქართველო  2 2 0 0 7:1 6

2. ჰოლანდია       2 1 1 0 3:0 4

3. უელსი             2 0 1 1 1:5 1

4. მოლდოვა      2 0 0 2 0:5 0 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110636