რაგბი

23:52 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორაგბეთა ნაკრების 2015 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი გეგმის პრეზენტაცია

27 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად, “შევარდენის სარაგბო აკადემიის” ბაზაზე გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის მსოფლიო თასისათვის მოსამზადებელი გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.

ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე განიხილეს, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი – გიორგი ნიჟარაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი – რიჩი დიქსონი, გამგეობის წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მოსამზადებელი გეგმის მიხედვით, რაგბის კავშირის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, ყველანაირი პირობა უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს, საქართველო არსებობის ისტორიაში უძლიერესი გუნდით შეხვდეს.

დეტალურად გაწერილი და პუნქტებად ჩამოყალიბებული მზადების გეგმა ძირითადად ორ ეტაპს მოიცავს. გეგმაში შესულია როგორც ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეების მომზადება და საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების მონიტორინგი, ასევე უცხოელი სპეციალისტების და მწვრთნელების მოწვევა, გუნდში სპორტული ფსიქოლოგის ჩართვა, შეკრებები პოლონეთისა და ინგლისის სპორტულ ბაზებზე, საერთაშორისო ტესტ-მატჩების გამართვა, სპორტული ინვენტარის, აღჭურვილობის შეძენა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ჯამში, ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმის ბიუჯეტი 1.780.499 ლარს შეადგენს, რაც რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან გამოიყოფა.

დასახული გეგმის მიხედვით, ნაკრებისთვის მისაღებ შედეგად 1 მატჩის მოგება ჩაითვლება, რეალურია 2 მატჩის მოგებაზე განაცხადის გაკეთება და 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად მოხვედრა, ხოლო პროგრამა-მაქსიმუმად – ჯგუფიდან გასვლაა დასახული.

ქართველი მორაგბეები 2015 წლის მსოფლიო თასზე С ჯგუფში ითამაშებენ, ტონგას, არგენტინის, ახალი ზელანდიისა და აფრიკის საუკეთესო წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეროვნული ნაკრების ოფიციალური სამზადისი მსოფლიო ჩემპიონატისათვის 2015 წლის ივნისიდან დაიწყება. საქართველო რაგბის მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.149083