სხვა

12:51 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეების იმედად!

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ჯერჯერობით, ქართულ ყულაბაში, ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ძიუდოისტ თამაზ კირაკოზაშვილის ანგარიშზეა. ჩვენი მეორე დამრტმელი ძალა – მოჭიდავეები მექი სიმონია და ივერიკო ჯულაყიძე შეჯიბრში 27 აგვისტოს ჩაერთვებიან.

მანამდე კი ნანძინში, ქართველთაგან მძლეოსნებმა და ერთმა მოკრივემ იასპარეზა. სიგრძეზე ხტომაში, მარი ძაგნიძემ რომ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა ამის შესახებ ადრეც ვწერდით. სამწუხაროდ, ქართველმა მხტომელმა, ფინალში თავი ვეღარ გამოიჩინა და მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ნიშანდობლივია, რომ ძაგნიძემ წინასწარ ხტომებში უკეთესი შედეგი (5.90) აჩვენა, ვიდრე – ფინალურ ეტაპზე (5.87).

ვაჟებში გოგა მაღლაკელიძემ (სამმაგი ხტომა) კვალიფიკაცია 15.07 შედეგით დაასრულა და მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება, ხოლო ბირთვის კვრაში გიორგი მუჯარიძემ ბირთვი 17.57 მეტრზე ტყორცნა და მეათე პოზიციით დაკმაყოფილდა.

პირველივე წრეში დასრულდა თამაშები მოკრივე გიორგი ხარაბაძისთვისაც, რომელიც იტალიელ ვინჩენცო ლიზის ვერ გაუმკლავდა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

www.geonoc.org.ge

0.11433