კალათბურთი

15:38 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძის წინასაარჩევნო კამპანია გორში გრძელდება

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ გაბრიჩიძე აგრძელებს შეხვედრებს რეგიონალურ ფედერაციებთან, კლუბებთან და სპორტსკოლებთან. შეხვედრების მიზანი, ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმის გაცნობაა. გაბრიჩიძის წინასაარჩევნო გეგმა საკმაოდ ვრცელია და სხვადასხვა ასპექტებს მიმოიხილავს. მას პროგრამაში დღევანდელ რეალობაში არსებული პრობლემები აქვს გამოკვეთილი და მათი გადაწყვეტის თავისეულ ვარიანტს სთავაზობს ქართულ საკალათბურთო სამყაროს. რეგიონებში მას უსმენენ და ყველა თანხმდება, რომ გეგმა საკმაოდ სრულყოფილი და დალაგებულია. ზოგ რეგიონში გამოიკვეთა სპეციფიკური პრობლემები, რომლებზეც აქამდე ხმამაღლა საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ჩაინიშნა ეს ხარვეზები და ადგილობრივ წარმომადგენლობებს საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლას და საშუალებისამებრ გამოსწორებას დაპირდა. შესაბამისად, გაბრიჩიძის 4 დეკემბრის ვიზიტი გორში საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა.

შეხვედრაზე, გორის სპორტ სკოლაში, შეიკრიბა შიდა ქართლის რეგიონის საკალათბურთო წარმომადგენლობა, როგორც ხაშურიდან, ასევე გორიდან (ამავე რეგიონს მიეკუთვნება კასპი). შეკრებილთა შორის იყო  შიდა ქართლის რეგიონის კალათბურთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თამაზ ხაჩიური, სპორტ სკოლის დირექტორი, მწვრთნელები და პედაგოგები. მათ თავიანთ რეგიონზე ისაუბრეს და პრეზიდენტობის კანდიდატს საკუთარი პრობლემები გააცნეს. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კლუბების ჩემპიონატებში ჩართვას ასახელებდნენ, თუმცა მიზეზი შიდა შეუთანხმებლობა იყო, რომელიც ვერ გვარდება კლუბების დონეზე და ისინი ერთადერთ გამოსავალს ფედერაციის დონეზე მოგვარებაში ხედავენ. მათ ასევე აწუხებთ სამსაჯო პრობლემა, რაც შემდეგში მდგომარეობს: საშინაო, თუ გასვლით თამაშებზე სავალდებულოა ლიცენზირებული სამსაჯო კოლეგიის დასწრება, რაც გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება. ხარჯები საკმაოდ დიდია რეგიონალური კლუბებისთვის, თუმცა ალტერნატივის არარსებობის გამო იძულებულნი არიან გაიღონ ეს ხარჯი. ადგილზე შეკრებილმა მწვრთნელებმა სურვილი გამოთქვეს აიმაღლონ კვალიფიკაცია სამსაჯო სფეროში და თავად იმსაჯონ საშინაო თამაშებზე. მათ განაცხადეს, რომ არაერთხელ დაუკავშირდნენ სუპერლიგის ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები.

ხანგრძლივი დიალოგი გაიმართა რიგ პრობლემებზე. შიდა ქართლის წარმომადგენლობამ მოუსმინა პრეზიდენტობის კანდიდატს, კანდიდატმა - მათ. ჯამში შეჯერდნენ, რომ ძირითადი პრობლემები პროგრამაში გამოკვეთილია, თუმცა არის რეგიონებში რაღაც სპეციფიკური, რასაც მხოლოდ ადგილზე მოისმენ და ნახავ. თამაზ ხაჩიურმა ყურადღებით მოისმინა გეგმა, თავისიც თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ არჩევანის გაკეთება ადრეა, რადგან დანარჩენი სამი კანდიდატის პროგრამაც უნდა მოისმინოს და გაიგოს, რომელი კანდიდატი რას სთავაზობს რეგიონს.

 მიხეილ გაბრიჩიძე: „რეგიონებში შეხვედრები არ დამიმთავრებია. მე მქონდა შეხვედრები დასავლეთ საქართველოს საზოგადოებსთან. პატივი მქონდა ჩავსულიყავი გორში, სადაც შევხვდი ასევე ხაშურის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, უშუალოდ გორის წარმომადგენლებსაც. ენთუზიაზმი დიდია, მათ უყვართ კალათბურთი და საერთოდ, სპორტი. ჩემი აზრით, მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ. აუცილებელია ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება და წარდგენა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. აუცილებელია მულტიფუნქციური დარბაზების მშენებლობა და რა თქმა უნდა, მწვრთნელების და მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება. ამ გზით უნდა განვითარდეს რეგიონებში კალათბურთი. რეგიონალური კალათბურთის განვითარების გარეშე კი ზოგადად, საქართველოში სპორტის ეს სახეობა ბოლომდე ვერ განვითარდება. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ამ ხალხის გულისტკივილი ჩემი, თქვენი გულისტკივილია. პრობლემებს მივხედავთ.“


0.13815