კალათბურთი

16:53 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ახვლედიანმა და ვიქტორ ტკაჩენკომ ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოში სტუმრად იმყოფება საერთაშორისო სტუდენტური ლიგის დელეგაცია, რომელშიც ლიგის გენერალური დირექტორი ვიქტორ ტკაჩენკო და ლიგის სპორტული დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე მარტინოვი შედიან. საქართველოში დაფუძნდა საკალათბურთო სტუდენტური ლიგა “საქართველო”. მისი დამფუძნებლები “კალათბურთელთა კავშირი” და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციაა.

4 ოქტომბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” საპრესკონფერენციო დარბაზში გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო საკალათბურთო ლიგასა და “საქართველოს” შორის. ლიგამ ოფიციალური უფლება მიანიჭა “საქართველოს”, რომ სწორედ ის იყოს ჩვენს ქვეყანაში მისი წარმომადგენელი. ხელშეკრულებას ხელი ტკაჩენკომ და “საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, “კალათბურთელთა კავშირის” თავმჯდომარემ მიხეილ ახვლედიანმა მოაწერეს. მასმედიის გარდა ხელშეკრულების გაფორმებას სტუ-ს მთავარი მწვრთნელი ნიკოლოზ დერიუგინი და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თავმჯდომარე ლექსო გუგავა ესწრებოდნენ.

საერთაშორისო სტუდენტური ლიგის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გათამაშებაში 13 ქვეყნის (საქართველო, ინგლისი, შვედეთი, ხორვატია, სლოვენია, სერბეთი, რუსეთი, ესტონეთი, ლატვია, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და ბელარუსი) წარმომადგენლები არიან.

საქართველოდან თამაშის უფლება სტუმ მოიპოვა, როგორც 2012-13 წლების სტუდენტთა პირველობის გამარჯვებულმა. ლიგაში მოასპარეზე გუნდები ექვსგუნდა ქვეჯგუფებში გადანაწილდნენ. სტუ-თან ერთად ქვეჯგუფში ხარკოვის, კიევის (ორივე უკრაინა), მგუს (მოსკოვი) და როსტოვის ორი უნივერსიტეტის (ყველა რუსეთი) წარმომადგენლები ითამაშებენ. მატჩები მიმოსვლით ჩატარდება. აღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის უფლება აქვთ 25 წლამდე ასაკის სტუდენტებს. შეიძლება 27 წლამდე ასაკის ორი სპორტსმენის დამატება.

ლიგის გამარჯვებული, პრიზის სახით 2013-14 წლების ევროლიგის ოთხთა ფინალზე დასწრების საგზურს მიიღებს, რომელსაც მილანი (იტალია) უმასპინძლებს.

საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გახსნითი მატჩი 15 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც ერთმანეთს სტუ და მგუ (რუსეთი) შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე ქართველი და რუსი ვეტერანი კალათბურთელების მატჩი. რუსეთიდან ცნობილი კალათბურთელები (ერიომინი, ტარაკანოვი, ედეშკო...) აპირებენ ჩამოსვლას.

ახვლედიანი: “კალათბურთელთა კავშირის” დიდი დამსახურებაა, რომ საქართველო საერთაშორისო სტუდენტური ლიგის წევრი გახდა. აღნიშნულ ლიგაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას. ხშირია, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მიღმა დარჩენილი კალათბურთელები იძულებულნი არიან აქტიურ სპორტს თავი დაანებონ. ახლა მათ კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.

ტკაჩენკო: “საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება. თუ მოისურვებთ, აღნიშნულ ლიგაში ერთზე მეტი გუნდი გეყოლებათ. ამჟამად ლიგაში 38 გუნდი თამაშობს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ლიგაში მოასპარეზე ახალგაზრდებს კარგი შანსი აქვთ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლები გაიცნონ და დამეგობრდნენ. ვთვლი, რომ საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის არსებით კარგ საქმეს ვაკეთებთ”.

დერიუგინი: “ყველაფერს გავაკეთებ, რათა ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. კარგია, რომ 15 ოქტომბერს ვეტერანების თბილისში ჩამოსვლის შედეგად ჩემს მეგობრებს ვნახავ და მათთან ერთად ახალგაზრდობას გავიხსენებთ”.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136523