“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ კალათბურთელთა კავშირის ლიდერი, ვეტერანი კალათბურთელი მიხეილ ახვლედიანი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 2013 წლის 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით “მსოფლიო სპორტი” ახვლედიანსა და კალათბურთელთა კავშირის იურისტს, ვეტერან კალათბურთელს დავით საყვარელიძეს დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია და მიხეილ გაბრიჩიძე მონაწილეობდნენ. საარჩევნო სისტემით უკმაყოფილო ახვლედიანმა აღნიშნული ყრილობა პროტესტის ნიშნად ვადაზე ადრე დატოვა.
რაც შეეხება ბოისას და შენგელიას, მათ თავიანთი კანდიდატურა გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნეს, რომელმაც გაიმარჯვა და ამჟამად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია, ხოლო ბოისა და შენგელია ვიცე-პრეზიდენტები არიან.