უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად “აქტობესთან” 0:3 მარცხის შემდეგ, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ჩეხმა მიხალ ბილეკმა განაცხადა, რომ ყაზახების შემდეგ ეტაპზე გასვლა ლოგიკური იყო. ამის შესახებ ყაზახური ინტერნეტგამოცემა sports.kz-ი იუწყება.
მიხალ ბილეკი: “მე-60 წუთამდე თანაბარი ბრძოლა იყო. თუმცა, შემდეგ ყველა შეტევაში წავედით და ბევრი თავისუფალი ზონა დავტოვეთ. “აქტობემ” ამით ისარგებლა”.
- “აქტობემ” რამით გაგაკვირვათ?
- ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, “აქტობემ” 3:0 მოგვიგო და მომდევნო რაუნდში ლოგიკურად გავიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველი გოლის გაშვების შემდეგ, ჩვენ ბოლომდე “გახსნა” მოგვიწია. “აქტობე” ძალიან კარგი გუნდია და ამით ისარგებლა. მეტოქეს ვულოცავ და მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ”.