ფეხბურთი

12:03 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მილანურ-ბარსელონური დაპირისპირების მე-18 ეპიზოდი

 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი შუაწელს მიუახლოვდა. ეს ის დროა, გუნდებმა თავისი ამბიციები ხმამაღლა რომ უნდა გაახმოვანონ და ცხადი უნდა გახდეს, ვის რისთვის ბრძოლა ხელეწიფება. ამ მხრივ, ყველაზე დაძაბული ვითრება სიკვდილის ჯგუფშია, სადაც დიდ ყურადღებას კვლავ ორივე თამაში იპყრობს, თუმცა დღის ცენტრალური დაპირისპირება არა ლონდონში, ან მარსელში, არამედ მილანში გაიმართება.

 

E ჯგუფი

შალკე-ჩელსი

ამ თამაშში ერთმანეთს ჯგუფის ფავორიტები შეხვდებიან, რომლებიც კარგ ფორმაში არიან. ასპროცენტიანი შედეგის მქონე “შალკე” “ჩელსის” უმასპინძლებს.

მე-2 ტურის შემდეგ, გუნდებმა, შიდა ასპარეზზე, ყველა თამაში მოიგეს. “შალკემ” “აუგსბურგი” და “ბრაუნშვაიგი” დაამარცხა, ხოლო “ჩელსი” “ნორვიჩსა” და “კარდიფს” გაუსწორდა იოლად.

“შალკე” და “ჩელსი” ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან და გელზენკირხენელები ლონდონელთა კარში პირველი გოლის გატანას შეეცდებიან. 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ინგლისში, მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, ხოლო გერმანიაში გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

“შალკე” მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. გერმანელებს ჰუნტელაარი და ფარფანი არ ეყოლებათ. საეჭვოა ბოატენგის თამაშიც. სტუმრები ვან გინკელისა და ეშლი კოულის გარეშე ითამაშებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ანდრე შიურლეს საკითხი.

  • გერმანიაში თამაშის დროს, ანდრე შიურლემ “შალკეს” 2-ჯერ გაუტანა. ორივე შემთხვევაში, შიურლეს გუნდები (“მაინცი” და “ლევერკუზენი”) გამარჯვებულნი გამოვიდნენ;
  • “შალკეს” კარში გოლი დემბა ბასაც გაუტანია. ეს 2009 წელს მოხდა, როდესაც სენეგალელის “ჰოფენჰაიმმა” გელზენკირხენელები 3:2 დაამარცა;
  • ჩემპიონთა ლიგის პირველ 2 თამაშში 6 ქულის აღება “შალკეს” ისტორიაში საუკეთესო სტარტია;
  • ბუნდესლიგის პირველ 9 ტურში, “შალკემ” 19 გოლი გაუშვა. ეს უფრო მეტია, ვიდრე გელზენკირხენელებს გასული სეზონის პირველ 15 ტურში ჰქონდათ გაშვებული;
  • თუ დღეს გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, “ჩელსი” ევროტურნირებზე 50-ე ფრეს ითამაშებს;
  • პრემიერლიგის გასულ ტურში, სამუელ ეტოომ, “ჩელსის” მაისურით, თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, უჩიდა, სანტანა, ჰიოვედესი, აოგო, ჰიოგერი, ნოიშტადტერი, კლემენსი, მაიერი, დრაქსლერი, სზალაი.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ბერტრანდი, რამირესი, ლემპარდი, მატა, ოსკარი, აზარი, ტორესი.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

 

სტიაუა-ბაზელი

ბოლოადგილოსან “სტიაუას” შანსი აქვს მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში რეალური შანსები გაიჩინოს. ამისთვის დღეს უშუალო კონკურენტის, “ბაზელის” აუცილებლად დამარცხებაა საჭირო.

რუმინული გუნდი თამაშს კარგ ხასიათზე ხვდება. “ჩელსისთან” განადგურების შემდეგ, ბუქარესტელებმა, შიდა ჩემპიონატში, ორივე თამაში მშრალად მოიგეს და ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვეს. მსგავსი სიტუაციაა “ბაზელთანაც” – შვეიცარიელებმა ბოლო ორ მატჩში თავი 6 ქულას მოუყარეს და ლიდერობა გაიმყარეს.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შეხვედრას დააკლდება, მასპინძელთა ტრავმირებული თავდამსხმელი სტეფან ნიკოლიჩია.

  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული 38 თამაშიდან “ბაზელმა” მხოლოდ 4 მოიგო;
  • “სტიაუას” შემადგენლობაში, ამ სეზონამდე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება მხოლოდ პანტელის კაპტენოსს (“კლუჟში”) და ლონუტ ნეაგუს (“ოცელულში”) ჰქონდათ;
  • “სტიაუას” მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩიდან ფედერიკო პიოვაჩარიმ გოლი შვიდში გაიტანა;
  • “ბაზელს”, ყველა ტურნირზე, ბოლო 5 გასვლითი მატჩი მოგებული აქვს. შვეიცარიელებს სტუმრად ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრაში არ წაუგიათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, გარდოში, სზუკალა, პარვულესკუ, პინტილი, ბურჩანუ, პოპა, სტანჩუ, ტანასე, პიოვაჩარი.

ბაზელი (4-4-1-1): ზომერი, ვოსერი, ივანოვი, შერი, ქსაკა, სალაჰი, დელგადო, ფრაი, ანდრისტი, სტოკერი, სტრელერი.

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).

 

1. შალკე 2 2 0 0 4:0 6
2. ჩელსი 2 1 0 1 5:2 3
3. ბაზელი 2 1 0 1 2:2 3
4. სტიაუა 2 0 0 2 0:7 0

 

 

 

F ჯგუფი

არსენალი-დორტმუნდი

სიკვდილის ჯგუფად მონათლული ოთხეულის ცენტრალური დაპირისპირება ლონდონში შედგება. უდანაკარგო “არსენალი” ორ მატჩში 3 ქულის მქონე “დორტმუნდს” უმასპინძლებს და 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ოთხ მატჩს ითვლის. 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “არსენალმა” შინ 2:0 მოიგო და სტუმრად 1:2 წააგო. გერმანიაში ჩატარებულ მატჩში, სტუმართა კარში ორივე გოლი როსიცკიმ გაიტანა, რომელიც დღეს “არსენალში” თამაშობს. 9 წლის შემდეგ, გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. გერმანიაში ჩატარებული შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო ინგლისში კვლავ ლონდონელებმა იმარჯვეს, ამჯერად 2:1.

მე-2 ტურში “ნაპოლისთან” მოგების შემდეგ, “არსენალმა”, პრემიერლიგაში, 2 მატჩში 4 ქულა მოაგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა. “დორტმუნდმა” კი, ბუნდესლიგის ბოლო ორ მატჩში 3 ქულა აიღო, თუმცა ლიდერ “ბაიერნს” იურგენ კლოპის შეგირდები მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.

“არსენალის” ტრავმირებულ ფეხბურთელთა სია ტრადიციულად შთამბეჭდავია. იუბილარი არსენ ვენგერი (22 ოქტომბერს 64 წლისა გახდა) უოლკოტს, სანოგოს, პოდოლსკის, ჩემბერლენს, დიაბისა და ფლამინის მოისაკლისებს. სტუმრებს, იმავე მიზეზით, კელი, გიუნდოდანი და პიშჩეკი არ ეყოლებათ.

  • “არსენალის” ჩეხი ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი, ლონდონში გადაბარგებამდე, “დორტმუნდში” თამაშობდა. 2001-06 წლებში, გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 145 თამაშში მან 22 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა გააკეთა;
  • გასულ სეზონში, მესუთ იოზილი “დორტმუნდს” 4-ჯერ დაუპირისპირდა. “რეალსა” და “დორტმუნდს” შორის 2:2 ნათამაშებ შეხვედრაში, მან ბოლო წუთებზე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა და მადრიდელებს ქულა მოუტანა;
  • გერმანიაში თამაშის დროს, “დორტმუნდის” წინააღმდეგ ჩატარებულ 16 მატჩში პერ მერტეზაკერმა 2 გოლი გაიტანა;
  • 2013 წელს, “არსენალმა”, ინგლისის პრემიერლიგაში, ყველაზე მეტი (18) თამაში მოიგო და ყველაზე მეტი (59) ქულა მოაგროვა;
  • აარონ რემზიმ, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში 9 გოლი გაიტანა. წინა ორ სეზონში, 91 მატჩში, მას მეტოქეთა კარი 5-ჯერ ჰქონდა აღებული.

სავარაუდო შემადგენლობები:

არსენალი (4-2-3-1): შეზნი, სანია, მერტეზაკერი, კოსილნი, გიბსი, არტეტა, რემზი, უილშირი, იოზილი, კასორლა, ჟირუ.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, შაჰინი, ობამეიანგი, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

 

მარსელი-ნაპოლი

საწყის ორ ტურში უქულოდ დარჩენის შემდეგ, “მარსელს” დღეს აუცილებლად მოგება სჭირდება. უმოტივაციოდ არც “ნაპოლია”, რომელიც ჯგუფიდან გასვლისთვის აუცილებლად იბრძოლებს და აქედან გამომდინარე, რაფაელ ბენიტესის გუნდს დღეს ქულები სჭირდება.

გუნდები მატჩს ცუდი განწყობით ხვდებიან. ეს განსაკუთრებით “მარსელზე” ითქმის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე წაგებას ლიგა ერთში 2 უქულო მატჩი მოაყოლა. “ნაპოლიმ”, რომელიც სერია A-ში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, გასულ ტურში, ლიდერ “რომასთან” 0:2 წააგო და დედაქალაქელებთან ჩამორჩენა 5 ქულამდე გაზარდა.

ტრავმების გამო, მასპინძლებს მენდესი, ხოლო სტუმრებს ზუნიგა და ბრიტოსი დააკლდებიან. შესაძლოა, “ნაპოლის” ვერც გონსალო იგუაინი დაეხმაროს.

  • 2004 წელს, უეფას თასის ფინალში, “ნაპოლის” ამჟამინდელმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა “მარსელი” დაამარცხა. მაშინ, ესპანელი “ვალენსიას” წვრთნიდა;
  • “მარსელს”, ყველა ტურნირზე, ზედიზედ 3 წაგება აქვს;
  • გონსალო იგუაინის მომდევნო საჩემპიონთალიგო მატჩი ამ ტურნირზე 50-ე იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, დიავარა, მენდი, რომაო, იმბულა, ა. აიუ, ვალბუენა, ტოვინი, ჟინიაკი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, კანავარო, არმერო, ბეჰრამი, ინლერი, კალიეხონი, ჰამშიკი, ინსინიე, იგუაინი.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

 

1. არსენალი 2 2 0 0 4:1 6
2. დორტმუნდი 2 1 0 1 4:2 3
3. ნაპოლი 2 1 0 1 2:3 3
4. მარსელი 2 0 0 2 1:5 0

 

 

 

G ჯგუფი

პორტუ-ზენიტი

ამჟამად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ამ გუნდებმა უნდა იბრძოლონ და შესაბამისად, “პორტუსა” და “ზენიტის” დაპირისპირება დაძაბული უნდა გამოდგეს.

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად არ ხვდებიან. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ზენიტმა” შინ 3:1 მოიგო, ხოლო პორტუგალიაში გუნდებმა ვერ გაიტანეს.

მე-2 ტურში “ატლეტიკოსთან” წაგების შემდეგ, “პორტუმ” პორტუგალიის ჩემპიონატში იმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა, შემდეგ კი, წარმატებას თასზეც მიაღწია. რაც შეეხება “ზენიტს” – “აუსტრიასთან” საკუთარ კედლებში ქულების დაკარგვის შემდეგ, სანკტ პეტერბურგელებმა, რუსეთის პრემიერლიგაში, ორივე თამაში მშრალად მოიგეს და ლიდერობა გაიმყარეს.

სტუმრები მატჩს დანაკლისით ხვდებიან. ტრავმის გამო ბაბურინი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ვიტსელი ვერ ითამაშებს.

  • ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, “პორტუმ” ოთხივე საშინაო მატჩი მოიგო, მაგრამ მიმდინარე სეზონში, პორტუგალიელებმა, საკუთარ კედლებში, ერთხელ უკვე წააგეს;
  • “ზენიტის” თავდამსხმელი ჰალკი რუსეთში “პორტუდან” გადავიდა. პორტუგალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 169 მატჩში მან 78 გოლი გაიტანა და 56 შედეგიანი გადაცემა გააკეთა;
  • ჯექსონ მარტინესმა, “პორტუს” მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან თავი 8-ში გამოიჩინა;
  • “პორტუს”, პორტუგალიის ჩემპიონატში, 50-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. შიდა ჩემპიონატის ბოლო 106 შეხვედრაში, ეს გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. საკუთარ კედლებში, პორტუგალიელებს ბოლო 75 თამაშში არ წაუგიათ;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 5 გასვლითი თამაშიდან “ზენიტმა” 4 წააგო;
  • “ზენიტის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 9 თამაშში ჰალკმა 9 გოლი გაიტანა;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 17 თამაშიდან “ზენიტმა” 13 მოიგო;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, დანიმ 11 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, მან მეტოქეთა კარი მხოლოდ 4-ჯერ აიღო;

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, მანგალა, ოტამენდი, სანდრო, ჟოსუე, ფერნანდო, გონსალესი, ვარელა, მარტინესი, კინტერო.

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, სმოლნიკოვი, ლომბაერტსი, ნეტო, ანსალდი, ზირიანოვი, ფაიზულინი, არშავინი, შიროკოვი, დანი, ჰალკი.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).

 

აუსტრია-ატლეტიკო

“ატლეტიკოს” პირველი 2 მატჩი მოგებული აქვს და თუ მადრიდელები დღესაც იმარჯვებენ, რაც მოსალოდნელიცაა, დიეგო სიმეონეს გუნდი მერვედფინალისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.

გუნდები ერთმანეთს შორეულ 1970 წელს შეხვედრიან. ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე, “ატლეტიკომ” ორივე თამაში მოიგო, შინ 2:0 და სტუმრად 2:1.

“აუსტრია” “ატლეტიკოს” ცუდ ფორმაში მყოფი დაუხვდება. ავსტრიელებს 21 სექტემბრის შემდეგ არ უმარჯვიათ, რის გამოც, ისინი შიდა ჩემპიონატში მე-5 ადგილზე არიან. “ატლეტიკო”, ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე 8 თამაშის მოგების შემდეგ, “ესპანიოლთან” უქულოდ დარჩა და მადრიდელებმა ერთპიროვნულად გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვეს.

მასპინძლებს ტრავმირებული გრიუნვალდი და გორგონი არ ეყოლებათ. სტუმრები ლეო ბაპტისტაოს მოისაკლისებენ. საეჭვოა მირანდას თამაში.

  • “ატლეტიკოს” შანსი აქვს ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე სეზონის პირველი 3 მატჩი ისტორიაში მეორედ მოიგოს. პირველად ეს 1958-59 წლების სეზონში მოხდა, როდესაც მადრიდელები ამ ტურნირზე პირველად თამაშობდნენ;
  • გუნდების მთავარი მწვრთნელები, ნენად ბიელიცა და დიეგო სიმეონე, ფეხბურთელობის დროს, ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. მათ ანგარიშზე თითო მოგება და 2 ფრეა. ამ მატჩებში, სიმეონემ 2 გოლის გატანა მოახერხა;
  • “აუსტრიას” მთავარი მწვრთნელი, ნენად ბიელიცა, ფეხბურთელობის დროს, “ატლეტიკოში” ისინჯებოდა, მაგრამ მას მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი არ გაუფორმებია;
  • “აუსტრიას”, ყველა ტურნირზე, 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან ავსტრიელებმა 4 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს;
  • “ატლეტიკო” ევროტურნირებზე თავის 250-ე თამაშს ჩაატარებს;
  • ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ 8 თამაშის მოგების შემდეგ, “ატლეტიკომ” გასულ ტურში წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

აუსტრია (4-3-3): ლინდნერი, დილავერი, როგული, ორტლეხნერი, სუტნერი, სიმკოვიჩი, ჰოლანდი, მადერი, სპირიდონოვიჩი, ჰოზინერი, იუნი.

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი, კოკე, ტიაგო, გაბი, თურანი, ვილია, კოსტა.

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).

 

1. ატლეტიკო 2 2 0 0 5:2 6
2. პორტუ 2 1 0 1 2:2 3
3. აუსტრია 2 0 1 1 0:1 1
4. ზენიტი 2 0 1 1 1:3 1

 

 

 

H ჯგუფი

მილანი-ბარსელონა

დღის ცენტრალური მატჩს მილანი უმასპინძლებს. იტალიური გუნდი, რომელსაც კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, ესპანეთის ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერს, კატალონიის “ბარსელონას” დაუხვდება.

ბოლო დროს, “მილანი” მხოლოდ გუნდის ახალწვეულის, ვალტერ ბირსას გოლებით იგებს. ბოლო 6 მატჩში ეს 2-ჯერ მოხდა. დანარჩენ 4 შეხვედრაში, “მილანმა” მოგება ვერ მოახერხა. ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსასთან” ორქულიანი ჩამორჩენის პარალელურად, “როსონერი” სერია A-შიც წარუმატებლად თამაშობს. ალეგრის გუნდი ლიდერს უკვე 13 ქულით ჩამორჩება. არადა, გათამაშების დაწყებიდან მხოლოდ 8 ტურია გასული.

ესპანეთის ჩემპიონატი 8 ტურია რაც დაიწყო და “ბარსამ” პირველი ქულები მხოლოდ გასულ უქმეებზე დაკარგა. კატალონიელებმა “ოსასუნას” ვერაფერი მოუხერხეს და “ელ კლასიკოს” წინ, “რეალს” სხვაობის 3 ქულამდე შემცირების საშუალება მისცეს.

“მილანსა” და “ბარსელონას” ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. ჩატარებული 17 მატჩიდან 7 კატალონიელებმა მოიგეს, 5 – მილანელებმა და ამდენივე ფრედ დასრულდა. იტალიაში ჩატარებული 7 თამაშიდან მასპინძლებმა 2-ჯერ იმარჯვეს, სტუმრებმა – 3-ჯერ, ხოლო ორჯერ გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

გასულ ორ სეზონში, “მილანისა” და “ბარსელონას” გზები 3-ჯერ გადაიკვეთა. 2011-12 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბარსელონაში, გუნდებმა 2:2 ითამაშეს, ხოლო განმეორებით მატჩში “ბარსამ” 3:2 მოიგო. იმავე სეზონში, 1/4-ფინალში, იტალიაში უგოლო თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა შინ 3:1 იმარჯვეს. გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “მილანმა” საკუთარ კედლებში 2:0 კი მოიგო, მაგრამ სტუმრად 0:4 წააგო. ხსენებულ 6 თამაშში, “მილანისთვის” ყველაზე სახიფათო ლიონელ მესი იყო, რაც გასაკვირი სულაც არაა. არგენტინელმა ვარსკვლავმა “როსონერის” 5-ჯერ გაუტანა.

მასიმილიანო ალეგრი თამაშს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. “მილანს” ბონერა, პაცინი, ბალოტელი, ელ შაარავი და აბიატი ვერ დაეხმარებიან. ამის მიზეზი ტრავმებია. ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმაა დარჩენილი ნიანგი. “ბარსას” ალბასა და აფელაის გარეშე თამაში მოუწევს. კატალონიელების რიგებში კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდს ლიონელ მესი, კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო დაუბრუნდნენ.

  • “მილანის” მიერ გატანილი ბოლო 13 გოლიდან ცხრა 81-ე წუთის შემდეგ გავიდა;
  • განვლილ ორ ტურში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა 1602 პასი გააკეთეს, რომელთაგან 1387 ზუსტი გამოდგა. ორივე ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც პასის სიზუსტე (87%) და ბურთის ფლობის მაჩვენებელი (64%) საუკეთესოა;
  • ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 8 თამაშის მოგების შემდეგ, გასულ უქმეებზე, “ბარსამ” პირველი ქულები დაკარგა. “ოსასუნასთან” გამართული მატჩი პირველი იყო “ბარსელონას” ბოლო 65 თამაშიდან, როდესაც კატალონიელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს;
  • 7-თვიანი შესვენების შემდეგ, “ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი დაუბრუნდა. “ოსასუნასთან” მატჩამდე ბოლოს მან მარტში, “მილანთან” 4:0 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 თამაშში “ბარსამ” კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

სავარაუდო შემადგენლობები:

მილანი (4-3-3): ამელია, აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი, ბირსა, მატრი, რობინიო.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

 

სელტიკი-აიაქსი

ეს გუნდები თავიდანვე ჯგუფის აუტსაიდერებად იყვნენ მიჩნეულნი და სიტუაცია დიდად არც ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას შეცვლილა. მიუხედავად ამისა, მომდევნო ორ ტურში, “აიაქსს” “მილანთან” ქულებით მინიმუმ გათანაბრების არცთუ მცირე შანსი აქვს. თუმცა, ამსტერდამელთა უმთავრესი საზრუნავი მაინც მე-3 ადგილის დაკავებაა და ამ მიზნის მისაღწევად, ფრანკ დე ბურის გუნდმა დღეს მინიმუმ არ უნდა წააგოს.

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში “ბარსელონასთან” წაგების შემდეგ, “სელტიკმა”, პრემიერლიგაში, 2 მატჩში 4 ქულა აიღო და ლიდერობა გაიმყარა. ასეთივე შედეგი ჰქონდა “აიაქსს”, რომელიც ერედივიზიონში მე-4 ადგილზეა და ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 6 მატჩს ითვლის. 3-ჯერ “სელტიკმა” მოიგო, 2-ჯერ “აიაქსმა”, ხოლო ერთხელ გუნდებმა ყაიმი ითამაშეს. გლაზგოში ჩატარებულ სამ მატჩში აბსოლუტური თანაფარდობაა.

ტრავმირებული მოუიოკოლოს, კომონსის, მეთიუზისა და ბოერიგტერის გარდა, “სელტიკს” დისკვალიფიცირებული სკოტ ბრაუნიც არ ეყოლება. “აიაქსი” ტრავმირებული ბოიანისა და დუარტეს გარეშე ითამაშებს.

  • “სელტიკი”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი 2 მატჩის შემდეგ უქულოდ აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2004-05 წლების სეზონში იყო. 9 წლის წინათაც, გლაზგოელებმა პირველი 2 თამაში “მილანთან” და “ბარსელონასთან” წააგეს; 
  • “აიაქსს”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 5 გასვლით მატჩში მოგება არ აქვს; 
  • “რეინჯერსში” თამაშის დროს, ფრანკ დე ბური “სელტიკს” 2-ჯერ დაუპირისპირდა. ორივე ამ მატჩში “სელტიკის” ამჟამინდელი მწვრთნელი ნილ ლენონი თამაშობდა და ორივე მათგანი დღევანდელი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა; 
  • “სელტიკს”, ევროტურნირებზე, 449 გატანილი და 297 გაშვებული გოლი აქვს; 
  • პირველ ორ ტურში, თამაშის წესები ყველაზე მეტჯერ (12) გეორგიოს სამარასმა დაარღვია; 
  • ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, “აიაქსმა”, ჯგუფურ ეტაპზე, 16 გოლი გაუშვა. ამაზე ცუდი შედეგი (22) მხოლოდ “ნორშელანს” ჰქონდა; 
  • “აიაქსის” მიერ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 54 გოლი გავიდა. 

სავარაუდო შემადგენლობები:

სელტიკი (4-4-2): ფორსტერი, ფიშერი, დეიკი, ემბროუზი, მალგრიუ, პუკი, ფორესტი, ლედლი, კაიალი, სამარასი, სტოკსი.

აიაქსი (4-3-3): სილესენი, რეინი, ველტმანი, დენსვილი, ბოილესენი, სერერო, ბლინდი, დე იონგი, ანდერსენი, სიგთორსონი, ფიშერი.

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

 

1. ბარსელონა 2 2 0 0 5:0 6
2. მილანი 2 1 1 0 3:1 4
3. აიაქსი 2 0 1 1 1:5 1
4. სელტიკი 2 0 0 2 0:3 0
0.189355