ფეხბურთი

2:18 | 3.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „ლაციო“ გაანადგურა და მე-2 ადგილისკენ გაიხედა

სერია A-ში მე-3 ადგილის გამოვლენისთვის, 27-ე ტურში, „მილანსა“ და „ლაციოს“ შორის გამართულ მატჩს ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტებად სწორედ ეს გუნდები ითვლებოდნენ და მილანში გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე, რომაელებს „როსონერისთვის“ წინააღდეგობის გაწევა არ შეუძლია. დედაქალაქელებმა უშანსოდ წააგეს და მე-3 ადგილი მეტოქეს დაუთმეს.

ბოლო დროს, სტუმრად საკმაოდ ცუდად მოთამაშე „ლაციოსთან“ მატჩში, ფავორიტად ისედაც „მილანი“ იყო მიჩნეული და მე-16 წუთზე, ალეგრის გუნდმა ეს სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. კანდრევამ ელ შაარავი საკუთარი საჯარიმოს ხაზზე წააქცია. არბიტრმა ჩათვალა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი საჯარიმოს გარეთ ჰქონდა და საწინააღმდეგოს მტკიცება ძნელია. სამაგიეროდ, ნიკოლა რიცოლიმ „ლაციო“ სხვა მხრივ არ დაინდო - მან დარღვევა უკანასკნელი იმედის ჯარიმად შეაფასა და კანდრევა მოედნიდან გააძევა. ამ შემთხვევაში, შეკამათება ნამდვილად შეიძლება, რადგან რომაელი მცველი თანაგუნდელის დაზღვევას ასწრებდა და ელ შაარავი მეკარესთან პირისპირ ვერ გადიოდა.

„მილანის“ უპირატესობა საწყის 15 წუთშიც შეიმჩნეოდა და მეტოქის რიცხობრივ უმცირესობაში დატოვების შემდეგ, მასპინძლებმა თამაშის სადავეები ხელთ სრულად იგდეს. შეხვედრის ბედი ტაიმის მიწურულს გადაწყდა. მე-40 წუთზე, აბატეს დარტყმა მარკეტიმ მოიგერია და მართალია, ელ შაარავის დამატებაზე თამაში არ დააცადეს, მაგრამ თავი უმეთვალყურეოდ დატოვებულმა პაცინიმ გამოიჩინა, რომელმაც სტუმართა კარი დაახლოებით 3 მეტრიდან აიღო. „როსონერიმ“ უპირატესობა 4 წუთში გაზარდა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის ბრძოლა პაცინიმ მოიგო და თავით კარგად დაარტყა. მარკეტიმ ამჯერადაც მოიგერია, მაგრამ კვლავ დამატებაზე, ამჯერად ბოატენგმა ივარგა.

შესვენების შემდეგ, „მილანმა“ მეტოქეს 1 ბურთ აკმარა. მე-60 წუთზე, რადუმ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ითამაშა და ბურთი პაცინის ჩააბარა, ხოლო ამ უკანასკნელის დაახლოებით 18 მეტრიდან დარტყმის შემდეგ, მარკეტიმ დამაჯერებლად ვერ ითამაშა და შეხვედრას წერტილი დაესვა.

ამ მოგების შემდეგ, „მილანს“ მე-2 ადგილის დაკავების არცთუ მცირე შანსი გაუჩნდა. „როსონერისა“ და „ნაპოლის“ შორის სხვაობა 5 ქულაა, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე, ეს გუნდები ერთმანეთს „ჯუზეპე მეაცაზე“ ხვდებიან.

 

მილანი-ლაციო 3:0 (2:0) 

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, საპატა (ძაკარდო 46), იეპესი, დე შილიო, ფლამინი, ამბროზინი, მონტოლივო, ბოატენგი (რობინიო 76), პაცინი (ნიანგი 68), ელ შაარავი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, პერეირინია (კანა 46), ბიავა, დიასი, რადუ, ლედესმა, კანდრევა, გონსალესი, ერნანესი (ედერსონი 70), ლულიჩი, ფლოკარი (საა 78).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: 1:0 პაცინი (40), 2:0 ბოატენგი (44), 3:0 პაცინი (60).

გაფრთხილებები: პაცინი 32, ბოატენგი 58, იეპესი 90 - ბიავა 47, რადუ 59.

გაძევება: კანდრევა 16.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 20 (6)-6 (3), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 12-14.

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 14, პაცინი („მილანი“) – 12, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), საუ („კალიარი“) – 11, კლოზე ("ლაციო"), ჯილარდინო („ბოლონია“) – 10.

 

3 მარტი

ტორინო-პალერმო; სიენა-ატალანტა; ბოლონია-კალიარი; ფიორენტინა-კიევო; კატანია-ინტერი; სამპდორია-პარმა; პესკარა-უდინეზე; რომა-ჯენოა.

0.108556