ფეხბურთი

18:24 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგის” სრულფასოვანი რევანში

 

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, ოღონდ “გურიას” გამარჯვებით. ის მატჩი რომან პოკორასთვის ლანჩხუთელთა თავკაცის პოსტზე სადებიუტო იყო. ახლა “მეტალურგმა” სრულფასოვანი რევანში აიღო და კითხვები არ დაუტოვებია. გელა სანაიას გუნდი ორი ტაიმის განმავლობაში მოედანზე ვითარებას აკონტროლებდა და უფრო მეტი გოლის გატანაც შეეძლო. არადა, რუსთაველებს ტრავმების გამო ერთბაშად სამი წამყვანი ფეხბურთელი: გიორგი ბერიაშვილი, გოგი ფიფია და რევაზ გეწაძე აკლდა. “მეტალურგს” ბოლო სამ ტურში მოგებული არ ჰქონდა და პირველი ექვსეულისთვის მებრძოლმა ქვემოქართლელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღეს.

თავის მხრივ, ლანჩხუთელებს ერეკლე კილაძე და თენგიზ ჩიკვილაძე ვერ ეხმარებოდნენ, მაგრამ გუნდის სუსტი თამაში მხოლოდ ამით არ აიხსნება. “გურია” თვეზე მეტია თამაშიდან თამაშამდე არ ვარჯიშობს და ამ ფონზე გურულების მიერ ნაჩვენები შედეგი მართლაც გასაკვირია. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ასეთი გუნდის ლიდერებში ყოფნა ჩემპიონატის დაბალ დონეზე მეტყველებს.

“მეტალურგს” ანგარიშის გასახსნელად დიდი დრო არ დაჭირვებია. მე-16 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა გიორგი ჩირგაძემ პარტნიორისგნა პასი მიიღო და კარიდან გამოსული მინდია ბობღიაშვილი მისთვის ბურთის ართმევას შეეცედა, მაგრამ მასპინძელთა ნახევარმცველმა კიპერს გვერდი აუარა, შემოტრიალდა და საჯარიმოს გარედან, მარჯვენა მახვილი კუთხიდან მეტად ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

38-ე წუთზე, მარცხნიდან ლაშა ჯაფარიძემ გადაცემა სტუმართა საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ლუკა რაზმაძემ შეუჩერებლად არაზუსტად დაარტყა.

41-ე წუთზე, მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგესთან შეჯახების მერე, ვალერი იობაშვილი წაიქცა და შველას ითხოვდა, მაგრამ მასპინძლებმა ბურთი არ გადააგდეს და ლევან კორღალიძის პასით კირკიტაძე “გურიას” მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა არ დაარტყა და საბოლოოდ, ბურთი დაკარგა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ, ლანჩხუთელთა ნახევარზე ბურთი კარგად მიიღო და როგორც ლევან ჩაგელიშვილი, ასევე, იობაშვილი ზურგს უკან მოიტოვა, მაგრამ საჯარიმოში შესულს ჩაგელიშვილი წამოეწია და ფეხებში ვარდნით ზუსტად არ დაარტყმევინა.

მეორე ტაიმი იგივე სცენარით წარიმართა და 49-ე წუთზე, კორღალიძის კარგი პასის შემდეგ, ჩირგაძემ მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეს გარედან მოახვედრა.

50-ე წუთზე ლანჩხუთელთა საჯარიმოს მისადგომებთან “სტანდარტული” დაინიშნა, რომელიც გიორგი გავაშელიშვილმა შეასრულა და ძლიერი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, გურამ გურეშიძემ საშუალო მანძილიდან დაარტყა და ბურთი კარის ზედა ძელს გადასცდა. მალევე, ბობღიაშვილმა ბურთი თამაშში ცუდად “შეიყვანა” და რაზმაძემ შორი მანძილიდან შეუჩერებლად, თუმცა არაზუსტად “გაისროლა”.

70-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს “დადებული” “სტანდარტული” ალექსანდრე კოშკაძემ ძალიან სახიფათოდ დაარტყა და გრიგოლ ბედიაშვილმა “მეტალურგი” გოლის გაშვებისგან იხსნა, ხოლო დამატებაზე მყოფმა ალექსანდრე შენგელიამ კარს ახლოდან ააცილა.

72-ე წუთზე, კოშკაძემ მარცნიდან კუთხური მოაწოდა და შენგელიამ ქუსლით დაარტყა, მაგრამ ბედიაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. 73-ე წუთზე, კორღალიძის გამოზომილი პასის შემდეგ, “გურიას” საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ჩირგაძემ აუღებლად დაარტყა და ეროვნულ ჩემპიონატში პირველი დუბლი მიითვალა – 3:0.

ლანჩხუთელებმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროის ბოლო წუთზე გაიტანეს. ვიტალი დარჩიძის პასის მერე, მამუკა ტორონჯაძემ რუსთაველთა საჯარიმოში მცველს აჯობა და ახლო მანძილიდან ზედა კუთხეში ზუსტად დაარტყა.

რომან პოკორა: “მეტალურგს” დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. კითხვები არ გაჩენილა. მატჩს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ წრეში 3:1 მოვიგეთ და ის თამაში “გურიას” მწვრთნელის რანგში ჩემთვის პირველი იყო. თქვენ იცით როგორი მდგომარეობაა ქართულ ფეხბურთში და “გურიაში”. იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო უნდა ივარჯიშო. თვეზე მეტია ამის საშუალება არ გვაქვს და მხოლოდ თამაშებზე ვიკრიბებით. ბევრი შეცდომა დავუშვით. ორი მცველი გვაკლდა. მჯერა, რომ რაიონის ხელმძღვანელობა დაგვეხმარება. ის ამოცანა, რომელიც პირველ ეტაპზე გვქონდა “გურიამ” შეასრულა. “გურიას” საუცხოო გულშემატკივრები ჰყავს და ისინი ლვოველ ქომაგებს ჰგვანან, რომლებსაც მილიციასთან მუდმივად პრობლემები აქვთ”.

გელა სანაია: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ჩვენ მხოლოდ 3 ქულის აღება გვინდოდა და მიზანს მივაღწიეთ. ნორმალურად ვითამაშეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. მოგება ჩვენ უფრო გვინდოდა და უკეთესად ვითამაშეთ. ტრავმების გამო სეზონი უკვე დაასრულეს ბერიაშვილმა და გეწაძემ. მომდევნო მატჩში მახვილაძე, რაზმაძე და ჩირგაძე ვერ დაგვეხმარებიან, რომლებმაც დღეს ყვითელი ბარათები მიიღეს”.

 

 

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (1:0)

14 დეკემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, ორბელაძე, მახვილაძე (კ), გავაშელიშვილი, ჩირგაძე (დავით საჯაია, 84), გურამ გურეშიძე (ვასაძე, 81), რაზმაძე (დობროვოლსკი, 66), კირკიტაძე, კორღალიძე, სიხარულიძე.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

გურია: ბობღიაშვილი, არნაუ ჩუენსუ, ლევან ჩაგელიშვილი, იობაშვილი, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, გაჩეჩილაძე, შენგელია (ტორონჯაძე, 76), კოშკაძე (კ) (მახარაძე, 87), შალამბერიძე, ისიანი (დარჩიძე, 58).

მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა (უკრაინა).

გოლები: 1:0 ჩირგაძე (16), 2:0 გავაშელიშვილი (50), 3:0 ჩირგაძე (72), 3:1 ტორონჯაძე (90).

გაფრთხილება: ჩირგაძე (22), იობაშვილი (27), რაზმაძე (57), მახვილაძე (69).

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა.


 

ტორპედო (ქუთაისი) - ზუგდიდი 1:2

გოლები: 0:1 ირაკლი ეხვაია (49), 0:2 ირაკლი ეხვაია (50), 1:2 რევაზ ბარაბაძე (79),

გაფრთხილება: ნიკოლოზ ჭანტურია (34), ნიკოლოზ ფირცხალავა (58) - საბა ადამაშვილი (25)


 

ზესტაფონი“  - „სპარტაკი“ ცხინვალი (გადაიდო)

 

 15 დეკემბერი

 რუსთავი, „ფოლადი“, 14:00
სიონი“ ბოლნისი - „მერანი“ მარტვილი 

 

თბილისი,  „დინამო არენა“, 14:00

დინამო“ თბილისი - „ვიტ-ჯორჯია

 

გორითენგიზ ბურჯანაძე, 14:00

დილა“ გორი - „ჩიხურა“ საჩხერე 

 

დინამო              
16   12   3    1     40-12   39  
ჩიხურა               
16 10 3 3 34-21 33
გურია                                
17 9 0 8 20-24 27
დილა                  
16 7 5 4 23-15 26
მეტალურგი    
17 7 5 5 23-22 26
სიონი                  
16 6 5 5 19-18 23
ზესტაფონი     
16 6 4 6 18-15 22
ტორპედო        
17 6 4 7 19-19 22
ვიტ ჯორჯია   
16 5 4 7 19-23 19
სპარტაკი          
16 4 1 11 13-24 13
მერანი              
16 4 1 11 14-32 13
ზუგდიდი        
17 2 5 10 7-24 11

 

 

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116742