რუსთავის “მეტალურგმა” მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რასაც არა მხოლოდ დაფიქსირებული ანგარიში, არამედ, თამაშის ხარისხიც მოწმობს. მასპინძლები, რომელთაც პირველ ტაიმში “ზურგის ქარი” ეხმარებოდათ, საწყის 14 წუთში სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ და შემდეგ უპირატესობის შენარჩუნება უკვე “ტექნიკის” საქმე იყო. წინა ტურში სტუმრად “ვიტ ჯორჯიასთან” მარცხის (2:5) შემდეგ, გელა სანაიას შეგირდებმა “რუსთავქალაქობაზე” მცირერიცხოვანი გულშემატკივრების წინაშე სრული რეაბილიტაცია მოახდინეს.
მალხაზ ჟვანიას “მერანიდან” თბილისის “დინამო 2”-ში გადასვლის შემდეგ, მარტვილელთა თავკაცის პოსტზე დებიუტი კახა ჩხეტიანს ჰქონდა, რომელსაც აქამდე მთავარ მწვრთნელად არც უმაღლეს და არც პირველ ლიგაში უმუშავია. 35 წლის სპეციალისტს შესაშური დებიუტი ნამდვილად არ ჰქონია და მის მდგომარეობაში ყოფნას ბევრი არ ისურვებდა. თუმცა, ზოგადად მწვრთნელების ბედია ასეთია.
“მეტალურგმა” ანგარიში მატჩის დაწყებიდან მე-3 წუთზე გახსნა. რევაზ გეწაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური მოაწოდა და ლევან კაკუბავამ ახლო მანძილიდან თავით დასწრებაზე ითამაშა – 1:0.
მე-8 წუთზე, ფიფიამ ბურთი თავისი ნახევრიდან “წამოიღო” და დიაგონალური პასი გაუკეთა რევაზ გეწაძეს, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით მეკარისგან მარცხენა “ცხრიანში” მეტად ლამაზი გოლი გაიტანა.
მე-14 წუთზე, ფიფიამ “მერანის” საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს დანიშნული “სტანდარტული” ოსტატურად შეასრულა და ამჯერად, ბურთი ჯონი შეროზიას კარის მარჯვენა “ცხრიანში” გაეხვა – 3:0. ალბათ, ასეთ დასაწყისს “კერკეტ” მეტოქესთან მასპინძლები ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ.
მესამე გოლის გატანიდან ორ წუთში, შალვა კვანტალიანმა “მეტალურგის” საჯარიმოს მისადგომებთან მიხეილ მახვილაძეს სისწრაფეში აჯობა და რუსთაველთა ცენტრალურ მცველს ისღა დარჩენოდა მეტოქე წაექცია, რაც არბიტრმა ბაკურ ნინუამ “ბოლო იმედის” ჯარიმად ჩაუთვალა და გააძევა. “სტანდარტული” ხელსაყრელი პოზიციიდან შოთა ბაბუნაშვილმა არაზუსტად შეასრულა.
უმრავლესობაში დარჩენილი “მერანი” გააქტიურდა და პირველი რეალური სახიფათო მომენტი შექმნა. მე-19 წუთზე, ბაბუნაშვილის გამოზომილი პასის შემდეგ, კვანტალიანმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და გრიგოლ ბედიაშვილმა ნახტომში თანაგუნდელები გოლის გაშვებისგან იხსნა.
სანაიამ დაცვის ხაზის გამაგრება გადაწყვიტა და აშშ-ის MLშ ლიგის კლუბ “ნიუ იორკ რედ ბულზის” ყოფილი ფორვარდი, გიორგი ჩირგაძე მცველ დავით საჯაიათი შეცვალა. ამ უკანასკნელმა ადგილი დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა, ხოლო კაკუბავას დაცვის ცენტრში სერგი ორბელაძე შეუწყვილდა.
25-ე წუთზე, “მეტალურგის” საჯარიმოში ოდნავ შიგნით მყოფმა ბაბუნაშვილმა ბურთი მიიღო და ზუსტი დარტყმით ბედიაშვილს შორეულ კუთხეში გაუტანა. მარტვილელებს თამაშის შემოტრიალების იმედი გაუჩნდათ, მაგრამ მასპინძლებმა სტატუს ქვო მალევე აღადგინეს. 27-ე წუთზე, გეწაძემ მარჯვნიდან კუთხური მოაწოდა და ორი რუსთაველი ფეხბურთელი ბურთს ვერ მიწვდა, მაგრამ შორეულ ძელთან მყოფმა ლუკა რაზმაძემ თავით ზუსტად დაარტყა – 4:1.
37-ე წუთზე, ირაკლი ქათამაძემ კარგი პასით რუსთაველთა მეკარეს ბექა ციკოლია შეატოვა, რომლის დარტყმული ბურთი ბედიაშვილმა მოიგერია. ამ ეპიზოდის შემდეგ, კიჭი მელიავამ მსაჯის მიმართ უკმაყოფილება ხმამაღლა და უხეში ფორმით გამოხატა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად “წითელში” გადაიზარდა.
მე-40 წუთზე, ფიფიამ მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმა მიიღო და ირაკლი სიხარულიძემ შეცვალა. 45-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ანზორ სუხიაშვილმა ჩამოაწოდა და კარის წინ მყოფმა რაზმაძემ “დუბლის” შესრულების შანსი ხელიდან გაუშვა. შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე, გეწაძემ მარცხნიდან მორიგი კუთხური შეასრულა და რაზმაძის მიერ დარტყმული ბურთი შეროზიამ მოიგერია.
მეორე ტაიმი ერთი წუთის განახლებული იყო, რომ კაკუბავამ თავის საჯარიმოს სიახლოვეს მეტოქისთვის გვერდის ავლა ცრუ მოძრაობით მოინდომა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ბექა ციკოლიას სახიფათოდ დარტყმულმა მიზანს ვერ მიაღწია. 51-ე წუთზე, მარცხნიდან გიორგი გეგიას გადაცემის შემდეგ, კარიდან გამოსულმა ბედიაშვილმა ბურთი ცუდად მოიგერია, თუმცა შეცდომა უმალვე გამოასწორა და ბაბუნაშვილის სახიფათოდ დარტყმული გაანეიტრალა.
62-ე წუთზე, პაპუნა ფონიავამ “მეტალურგის” საჯარიმოში ბაბუნაშვილთან “კედელი” გაითამაშა და ბედიაშვილთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა. 66-ე წუთზე, ბედიაშვილმა ბაბანუაშვილის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დაიჭირა.
73-ე წუთზე, რაზმაძემ გვარიანი მანძილი ირბინა და დროულად მისცა პასი “მერანის” საჯარიმოში გახსნილ გეწაძეს, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ შეროზიას ბურთი ვერ ააცილა.
“მეტალურგმა” საფინიშო სპურტი თამაშის მიწურულს განახორციელა. 90-ე წუთზე, მარტვილელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ირაკლი სირბილაძემ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და შეროზიამ ბურთი მოიგერია, ხოლო დავით კირკიტაძემ “ცაციათი” დაამატა – 5:1.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე, შეროზიასთან მარტო დარჩენილი კირკიტაძის მიერ დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და უკან გადმოვარდა, იქვე მყოფმა საჯაიამ კი, უპრობლემოდ ანგარიში 6:1 გახადა.
მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)
20 ოქტომბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე (კ), გეწაძე, კაკუბავა (გავაშელიშვილი, 59), ორბელაძე, რაზმაძე, სუხიაშვილი, გეწაძე, კირკიტაძე, ფიფია (სიხარულიძე, 40), ჩირგაძე (დავით საჯაია, 21).
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.
მერანი: შეროზია (კ), გეგჭკორი, ფარულავა, ქარქუზაშვილი, მელიავა, კერძევაძე (გეგია, 46), ფონიავა (ბანება, 75), ქათამაძე, ციკოლია (ჯღამაია, 62), ბაბუნაშვილი, კვანტალიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახ აჩხეტიანი.
გოლები: 1:2 კაკუბავა (2), 2:0 გეწაძე (8), 3:0 ფიფია (14), 3:1 ბაბუნაშვილი (25), 4:1 რაზმაძე (27), 5:1 კირკიტაძე (90), 6:1 საჯაია (90+1).
გაფრთხილება: მელიავა (13), კაკუბავა (35), მელიავა (38), კვანტალიანი (82).
გაძევება: მახვილაძე (16), მელიავა (38).
მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.
დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)
გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (33), 1:1 ზვიად სიხარულია (77)
გაძევება: რომეო კანკია (65, “ზუგდიდი”)
სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ვილი ისიანი (61)
ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 ირაკლი სამხარაძე (25), 1:1 ნიკა საბანაძე (40)
ზესტაფონი – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 საბა ლომია (16), 1:1 ლაშა კასრაძე (38)
დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 6:1 (1:1)
გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (ს.კ. 14), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76).
1 | დინამო (თბილისი) | 9 | 7 | 1 | 1 | 25:8 | 22 |
2 | ტორპედო | 9 | 5 | 4 | 0 | 14:5 | 19 |
3 | ჩიხურა | 9 | 5 | 1 | 3 | 19:17 |
16 |
4 | გურია | 9 | 5 | 0 | 4 | 9:9 | 15 |
5 | მეტალურგი | 9 | 4 | 2 | 3 | 15:15 | 14 |
6 | ვიტ ჯორჯია | 9 | 3 | 3 | 3 | 14:12 | 12 |
7 | დილა | 9 | 3 | 3 | 3 | 11:11 | 12 |
8 | მერანი | 9 | 4 | 0 | 5 | 12:20 | 12 |
9 | ზესტაფონი | 9 | 3 | 2 | 4 | 10:8 | 11 |
10 | სიონი | 9 | 2 | 3 | 4 | 11:14 | 9 |
11 | ზუგდიდი | 9 | 1 | 3 | 5 | 4:14 | 6 |
12 | სპარტაკი | 9 | 1 | 0 | 8 | 4:14 | 3 |
მეგოლეები:
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა