ფეხბურთი

15:05 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი”: “პრობლემები წარსულს ჩაბარდა”

რუსთავის “მეტალურგის” ხელმძღვანელობამ, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა “ფოლადის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს უმასპინძლეს და კლუბის ამბებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თავიდან ის ვთქვათ, რომ რუსთაველებმა 12 ახალწვეული წარადგინეს. მათ თავიანთი ნომრიანი მაისურები გადაეცათ: 88 - ვარლამ კილასონია, 13 – გიორგი კილასონია, 14 – დავით ლომაია, 15 – დაჩი ცნობილაძე, 8 – კახა კაკაშვილი, 17 – მერაბ გიგაური, 27 – მამუკა ტორონჯაძე, 24 – ბესიკ ჩიმაკაძე, 10 – გიორგი მიქაბერიძე, 77 – გიორგი სეთურიძე, 99 – არჩილ ტვილდიანი, 33 – ბექა ოქროპირიძე.

შეიძლება ითქვას, “მეტალურგი” ახალი გუნდია და ვარლამ კილასონიას უახლოესი მიზანი ექვსეულში შესვლა იქნება. კილასონიამ ისაუბრა გუნდში მომხდარ ცვლილებებზე, გუნდის გაახალგაზრდავებაზე და განაცხადა, რომ მართალია, ბევრმა “მეტალურგი” ჩამოწერა, მაგრამ გუნდი უბრძოლველად არაფერს დათმობს.

ზაზა დოლიძე (“მეტალურგის” დირექტორი): “პრობლემების მიუხედავად, შევძელით და ჩიხიდან გამოვედით. ხედავთ, არცთუ ცუდი კონტიგენტი შეიკრიბა. კლუბს კვლავაც მეტალურგიული ქარხანა აფინანსებს, ეგაა, ბიუჯეტი, რომელიც 3 მილიონი ლარი იყო, მნიშვნელოვნად შემცირებულია. სასიხარულოა, რომ მხარში ამოგვიდგა მერია და საკრებულო. ისინი ჩვენს 5 სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს დააფინანსებენ. როგორც ხედავთ, “მეტალურგის” ფანებიც არიან მოსულნი და მადლობას ვუხდით მათ თანადგომისთვის. მოკლედ, ის პრობლემები, რაც წლის დასაწყისში წარმოიქმნა, წარსულს ჩაბარდა”.

“მეტალურგი” კვირას გამთენიისას გაემგზავრება თურეთში, სადაც ლარას სასტუმრო “გრანდ პარკ ჰოტელში” დაბინავდება და შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 4 თებერვალს რუსეთის პირველდივიზიონელ “გაზოვიკთან”, 6-ში თურქმენეთის ნაკრებთან, 9-ში რუმინეთის პირველლიგელ “ტირგუ მურეშთან”, ხოლო 12 თებერვალს გასამართ შეხვედრაში სპარინგ-მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

0.220551