ფეხბურთი

19:16 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური ნოლები

 

“შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს რა მსაჯობა იყო? ეს არაა ის მსაჯობა რაც უნდა იყოს. კარგი მსაჯობა არ იყო” – განაცხადა თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ.

მატჩის მსვლელობისა მან რამდენიმეჯერ ხმამაღლა გამოხატა უკმაყოფილება მსაჯების მიმართ. განსაკუთრებით კი, გვერდით არბიტრ ლევან ვარამაშვილს შემოსწყრა, რომელსაც რიგ ეპიზოდებში უფრო დამაჯერებლად მოქმედება მართებდა.

თუმცა, “მეტალურგმა” რომ სამი ქულა ვერ აიღო, მსაჯების ბრალი არ ყოფილა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. თუ პირველ ტაიმში “მეტალურგს” მეტოქის კარის აღების მეტი შანსი ჰქონდა, შესვენების მერე “დილამ” უფრო რეალური სახიფათო მომენტები შექმნა. სანაიამ სასტარტო შემადგენლობაში მეკარე კოტე სეფიაშვილი დააყენა, რომელსაც “მეტალურგში” გადასვლის მერე, სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია. შეცვლაზე შევიდნენ გოგი ფიფია და რევაზ გეწაძე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდნენ.

“დილას” ჯანმრთელობის პრობლემების გამო ალექსანდრე კვახაძე, კახა ალადაშვილი და მამუკა კობახიძე აკლდნენ. ირაკლი მოდებაძემ, რომელსაც წინა ტურში ტრავმა გაუმიზეზდა, მოედანზე ბოლო წუთებში გამოჩნდა.

მასპინძლები თავიდანვე აქტიურობდნენ და მე-3 წუთზე, დავით კირკიტაძე მარჯვენა ფრთაზე ერთ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ, ოდნავ ცენტრისკენ შეწეულმა მარცხენათი არაზუსტად დაარტყა. ბურთის თამაშის შეყვანის მერე, გორელთა მცველები თავის საჯარიმოში უხეშად შეცდნენ და ლევან კორღალიძის პასით კირკიტაძემ ვერ იხერა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

მე-15 წუთზე, გორელთა პირველი შეტევის დროს, მარცხნიდან გრიგოლ დოლიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი ქვილითაიამ საჰაერო ორთაბრძოლა მიხეილ მახვილაძეს მოუგო და კეფით სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან სამ წუთში, კირკიტაძე მარჯვენა ფლანგზე მცველს გაცდა და “დილას” კარის სიახლოვეს კორღალიძე მოძებნა, რომელმაც “ცაციათი” ვერ გაიტანა.       

ტაიმის შუაწელში დავით ბოლქვაძემ ოსტატური პასი მისცა “მეტალურგის” საჯარიმოში “გახსნილ” ქვილითაიას, რომელიც ერთი შეხებით სეფიაშვილისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდებას უშედეგოდ შეეცადა.

33-ე წუთზე, მარჯვნიდან შეტევაში ჩართულმა სერგი ორბელაძემ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა და ბექა ტუღუშმა თავით მიზანს მცირე მანძილით ააცილა. ერთ წუთში, კორღალიძემ მარცხნიდან სახიფათო გადაცემა გააკეთა და “დილას” კართან ახლოს მდგომი ლუკა რაზმაძე ბურთს სანტიმეტრებით ვერ მიწვდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ირაკლი მაისურაძე მასპინძელთა ნახევარზე ორ რუსთაველს გაცდა და მარჯვენა ფლანგზე დოლიძე მოძებნა, რომლის გადაცემის შემდეგ, გიორგი აბურჯანიამ თავით ბურთი კარს ააცილა.

52-ე წუთზე, მოედნის ცენტრში კირკიტაძისა და აბურჯანიას შეჯახების შემდეგ, ორივე ფეხბურთელი წაიქცა. “დილას” ნახევარმცველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, რის შემდეგ, შეცვალეს. კირკიტაძემ თამაში გააგრძელა, მაგრამ ტრავმის გამო, თამაშს ისიც ნაადრევად გამოეთიშა.

62-ე წუთზე, გურამ გურეშიძემ გორელთა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ნუკრი რევიშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. 65-ე წუთზე, კორღალიძემ “დილას” საჯარიმოში ბექა ტუღუში მოძებნა, რომელმაც ქუსლით ორიგინალურად, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

82-ე წუთზე, გიორგი დიასამიძემ “მეტალურგის” საჯარიმოში მცველი ოსტატურად ჩამოიცილა და კარგი პასი მისცა ნიკა სადაღაშვილს, რომელსაც კარიდან ოდნავ წინ გამოსულმა სეფიაშვილმა აუღო. 85-ე წუთზე, გურეშიძის შორეული დარტყმის შემდეგ, რევიშვილმა “დილა” გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა.

89-ე წუთზე, ბოლქვაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ბურთი მასპინძელთა კართან ჩაკიდა, სადაც რუსთაველთა მცველებს დიასამიძე “გაეპარათ”, რომელმაც ახლო მანძილიდან გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

გელა სანაია: “ვფიქრობ, ერთადერთი რაც დაგვაკლდა გატანილი გოლი იყო. მინიმუმ ორი 100 პროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მთლიანობაში თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა. ვიცოდით, რომ მეტოქე კონტრშეტევებზე ითამაშებდა და ამიტომ, სივრცეები შევუზღუდეთ. გარკვეული შეფერხებები არის, მაგრამ ხელფასები გაიცემა. ბიჭები თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებენ, რომ მათთვის მთავარი ფული არაა”.

რამაზ სოღოლაშვილი: “მეტალურგი” ერთ-ერთი კარგი გუნდია და პირველ ექვსეულში მოხვედრას იმსახურებს. მას ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც გუნდს ექვსეულში შეიყვანს. საინტერესო მატჩი აღმოჩნდა. ორივე ტაიმი დაძაბული იყო. პირველი ტაიმი რუსთაველების კარნახით მიდიოდა, მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით. რუსთაველებსაც ჰქონდათ მომენტები. ანგარიში ლოგიკური იყო. ყოველ შემთხვევაში ქულას ვიმსახურებდით”.

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

4 დეკემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: სეფიაშვილი, კაკუბავა, მახვილაძე (კ), ჯაფარიძე, ორბელაძე, კირკიტაძე (დავით საჯაია, 58), რაზმაძე, ჩირგაძე (გეწაძე, 72), კორღალიძე, გურამ გურეშიძე, ტუღუში (ფიფია, 88).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

დილა: რევიშვილი (კ), ღონღაძე, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, გაგნიძე (სადაღაშვილი, 46), გურული, აბურჯანია (დიასამიძე, 54), დოლიძე (მოდებაძე, 88), ბოლქვაძე, ირაკლი მაისურაძე, გიორგი ქვილითაია.

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.

გაფრთხილება: რაზმაძე (11), ტუღუში (56), დიასამიძე (76).

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი. 

0.159397