ფეხბურთი

1:47 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მესამე და უმნიშვნელოვანესი: სერბებთან ამხანაგობის დრო დასრულდა

ნიკა ჭანტურია: “მაღალი ხარისხის ფეხბურთი და ცოტა გამართლება გვჭირდება”

დღეს, საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც იცით, სერბებმა საწყის მატჩში თურქეთი დაამარცხეს და ამ ეტაპზე, B ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

საქართველოს ნაკრების მოტივაცია ძალიან მაღალია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. კაუნასში ფეხბურთის სპეციალისტების თუ მედიის წარმომადგენლების არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან მატჩში, დრულოვიჩის გუნდი თურქებთან აღებულ 3 ქულას გაუფრთხილდება და ფრეც დააკმაყოფილებს, ნაწილი კი, ამბობს, რომ ეს მათთვის დამღუპველი იქნება და სერბებმა აუცილებლად მოგებაზე უნდა ითამაშონ.

ასეა თუ ისე, სერბებს თავისი საფიქრალი ექნებათ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კი ყველაზე მთავარი იციან – ჩვეული შემართებით უნდა გავიდნენ და თამაში მოიგონ. ეს დაპირისპირება, ჩვენთვის და სერბებისთვის მესამე იქნება, რადგან მიმდინარე წელს, გუნდები ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.

ცეცაძის გუნდმა, მატჩისწინა ვარჯიში, ტრადიციულად, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტადიონზე ჩაატარა. სერბეთთან მატჩს, ჩვენი ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით შეხვდება. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდნენ გურამ სამუშია და დავით უბილავა, რომელთაც, სავარაუდოდ, მოედანზეც ვიხილავთ.

ვარჯიშის შემდეგ, საღამოს, uefa.com-თან დაგეგმილი ინტერვიუ ჩაწერა ნაკრების კაპიტანმა ბაჩო არაბულმა, შემდეგ კი, ჩვენ გუნდის მცველებს – ნიკა სანდოხაძეს და ნიკა ჭანტურიას გავესაუბრეთ და განვლილი და მომავალი მატჩების შეფასება ვთხოვეთ.

ნიკა სანდოხაძე: “ფრანგებთან ნათამაშები ფრე ყველას დამსახურებაა. მცველებს დიდი ჯაფა დაგვადგა, მაგრამ ჩვენი გუნდი იმითაა გამორჩეული, რომ აქ პირველი მცველი თავდამსხმელია და ეს დიდი პლიუსია. რაც შეეხება უშუალოდ დაცვის ხაზს, ყველა კარგად გაისარჯა. მართალია, გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები და უპირველესად, ამას ჩემს თავზე ვიტყვი, თუმცა, ღვთის წყალობით, ისე გამოვიდა, რომ ამას ცუდი შედეგი არ მოჰყოლია. დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და საკმაოდ კარგადაც ვართ შეთამაშებული.

ფრანგებთან მატჩი რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიან. სანამ ალღოს ავუღებდით, მანამდე გაგვიჭირდა. შემდეგ თამაში რომ გახურდა და კარგად დავინახეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმისდა მიხედვით დავიწყეთ მოქმედება, რაც ჩვენს თამაშსაც დაეტყო.

მეორე შეხვედრა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სერბეთის გუნდთან გვიწევს და შესაბამისად, ყველაზე მეტი ინფორმაცია მათზე გვაქვს. ძალიან ძლიერი და პრინციპული მეტოქეა. თან, ისეთი თამაშია, რომ შესაძლოა, ჯგუფში ბევრი რამე ამ დაპირისპირებამ გადაწყვიტოს.

სუსტი მხარე ყველა გუნდს აქვს და ამაზე უშუალოდ მწვრთნელთან ვისაუბრებთ. ამასთან, კარგი შეტევის ხაზი ჰყავთ და თან, ელიტრაუნდის შემდეგ, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატეს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი თამაში იქნება, გულშემატკივარს რომ უყვარს ისეთი, რადგან ისინი არაფერს დაგვითმობენ და ჩვენზე აღარ მაქვს საუბარი... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თამაში საჩვენოდ დამთავრდეს და წინ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ“.

ნიკა ჭანტურია: „ფაქტია, რომ დასაწყისში გაგვიჭირდა, რადგან მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ. ფრანგების თამაში სამწვრთნელო შტაბთან ერთად გვქონდა გარჩეული და ვიცოდით, როგორ ფეხბურთელებთან მოგვიწევდა დაპირისპირება. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ და ეს თამაშსაც დაეტყო, რადგან არაფერი დაგვითმია და პირიქით, მოგებაც შეგვეძლო.

საფრანგეთთან, ალბათ, პირველი თამაშის ფაქტორმაც იმოქმედა. მარტო ჩვენზე არა, მოწინააღმდეგეზეც... თავისებური დაძაბულობა და მღელვარება მაინც იგრძნობოდა. რადგან პირველი ბარიერი მშვიდობიანად გადავლახეთ, ლოგიკურად, სულ უფრო და უფრო უნდა მოვუმატოთ

რაც შეეხება სერბეთის ნაკრებს, ფიზიკურად ძლიერები არიან და მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავთ. სტილით, საფრანგეთის ნაკრებისგან  განსხვავებული გუნდია და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ.

ვიცით, რომ მატჩი გვექნება. მათი ნაჩვენები შედეგი, თავად მეტყველებს ამ გუნდზე და ისედაც, ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით ვერ მოხვდებოდნენ.

სერბებს კარგად ვიცნობთ, იმედიანად ვართ განწყობილები და მოგება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე - მათ. თუმცა, ყველაზე მთავარია, მწვრთნელის დავალება 100 პროცენტით შევასრულოთ... თავდადება და მონდომება რომ არ გვაკლია, ამას ყველა ხედავს. წინა მატჩზე უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ცოტა უნდა გაგვიმართლოს – ესაა ფეხბურთი“.

მაშ, ასე. 23 ივლისს, თბილისის დროით 19:30 საათზე, მარიამპოლის სტადიონზე საქართველოს და სერბეთის ნაკრებთა დაპირისპირება დაიწყება. ოდნავ მოგვიანებით, თურქეთი საფრანგეთს შეხვდება. A ჯგუფში კი, ჰოლანდია – პორტუგალია და ლიტვა – ესპანეთის მატჩები იქნება.

ქართველი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების თამაშის ხილვას კვლავ მე-9 არხის პირდაპირი ეთერის საშუალებით შეძლებს, მათ კი, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, ტრანსლაციისთვის თვალის მიდევნება “ევროსპორტის“ საშუალებით შეეძლება.

სფფ-ის პრესსამსახური

კაუნასი, ლიტვა

0.125249